გამომძიებელი - ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში პროცედურებს მეტი კლიენტის მისაზიდად ამარტივებდნენ
გამომძიებელი - ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში პროცედურებს მეტი კლიენტის მისაზიდად ამარტივებდნენ

ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში პროცედურებს მეტი კლიენტის მისაზიდად ამარტივებდნენ, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა გიორგი მეშველიანმა უწყების მიერ ტექნიკური ინსპექტირების ყალბი ანგარიშების გამცემი ცენტრების გამოვლენაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, შესაძლებელია, გამოიკვეთოს ანგარების ფაქტებიც.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში მიღებული ოპერატიული ინფორმაციების საფუძველზე დაიწყეს გამოძიება საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითი ანგარიშების კანონდარღვევით გაცემის ფაქტებზე.

„საგამოძიებო სამსახურმა ტესტირების ათი ცენტრი შეამოწმა. ამ ცენტრებში ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური დათვალიერების დადებითი ანგარიში უკანონოდ გასცეს. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზები, რათა გამოიკვეთოს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. მძღოლებს არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ. იყო სხვადასხვა დარღვევები. მაგალითად ავტოსატრანსპორტო საშუალებას ფარი ჰქონდა დაზიანებული, შესაბამისად, ვერ უნდა გაევლო ტექნიკური დათვალიერება, თუმცა მიუხედავად ამისა, ტექნიკური დათვალიერების ცენტრმა სატრანსპორტო საშუალებაზე გასცა დადებითი ანგარიში.

არის შემთხვევები, რომელიც ხდება თანხის შეთავაზება და თანხის მიღებაც, თუმცა გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს, რა დანაშაულებს ჰქონდა ადგილი. ტექნიკურად ეს ცენტრები გამართულია, თუმცა არის შემთხვევები, როცა ანგარებას აქვს ადგილი. არის შემთხვევები, როცა სხვა ცენტრებთან კონკურენციიდან გამომდინარე ცდილობენ, რომ მეტი კლიენტი მოიზიდონ. შესაბამისად, უფრო ამარტივებენ პროცედურებს. ველოდებით ექსპერტიზებს და გამოძიება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დასრულდება“, – აცხადებს გამომძიებელი.

საგამოძიებო სამსახური გამოძიება აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე და 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.