გამომძიებელი, რომელიც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, საავადმყოფოშია გადაყვანილი [ვიდეო]
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, შეუძლოდ გახდა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მარიანა ჩოლოიანი ამ დროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში იმყოფებოდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მარიანა ჩოლოიანის დაკავების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა.
ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ჩოლოიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მარიანა ჩოლოიანი იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე გამოძიების დასრულებამდე პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს უფლებამოსილება შეუჩერდათ.