გამომძიებელი - გასაჯაროებული ფოტო და ვიდეომასალა ბექა რუსიას საქმეს არ დაერთვება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დაღუპული წვევამდელის ბექა რუსიას ოჯახის წევრების დაკითხვა დასრულდა.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის გამომძიებელმა არკადი კვანჭიანმა დაკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა, გასაჯაროებული ფოტო და ვიდეომასალა ბექა რუსიას საქმეს არ დაერთვება.
გამომძიებლის თქმით, რუსიას საქმე უკვე იხილება სასამართლოში და რაც შეეხება ახალ გარემოებებს, რაზეც გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე დაიწყო, კვანჭიანის განცხადებით, ამაზე დამატებითი კომენტარი მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გაკეთდება.
როგორც გამომძიებელი ამბობს, ფოტო და ვიდეომასალას სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოიღებენ.
მისი ინფორმაციით, კადრების არსებობა მხოლოდ გასაჯაროების შემდეგ გაიგეს.
ამასთან, ბექა რუსიას ოჯახი ამბობს, რომ ამ კადრების არსებობის შესახებ პროკურატურას მათ ინფორმაცია შემთხვევიდან რამდენიმე დღეში მიაწოდეს.
ოჯახი კატეგორიულად ითხოვს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს მაღალჩინოსნების დასჯას და შს მინისტრთან შეხვედრას.
სასამართლო პროცესი ბექა რუსიას საქმეზე ხვალ, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.
შსს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელი ბექა რუსია 2017 წლის 26 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, ერთ-ერთ საგუშაგოზე დაიღუპა. გამოძიების ინფორმაციით, მას დ.ჯ.-ს მიერ საგუშაგოს უფროსის ა.კ.-ს ტაბელური იარაღიდან გასროლილი ტყვია მოხვდა. საქმე აღძრულია სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით.