გამოძიების ფედერალურ ბიუროს ფლორიდის სკოლაში 17 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილზე ინფორმაცია ერთი წლის წინ ჰქონდა
გამოძიების ფედერალურ ბიუროს ფლორიდის სკოლაში 17 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილ 19 წლის ნიკოლას კრუზზე ინფორმაცია ერთი წლის წინ ჰქონდა. მაშინ მასზე ეჭვი ინტერნეტში მუქარისშემცველი კომენტარების გამო მიიტანეს, თუმცა მისი მიგნება ვერ შეძლეს,- ამის შესახებ განცხადება ბიუროს წარმომადგენელმა გააკეთა.
იარაღის კონტროლის სამსახურის ცნობით, ფლორიდაში მომხდარი ეს თავდასხმა წელს აშშ-ის სკოლებში სროლის მე-18 შემთხვევაა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პარკლენდის სკოლაში მომხდარის შემდეგ მოსახლეობას მიმართა.
საშუალო სკოლაზე თავდასხმა ოთხშაბათს შუა დღეს განხორციელდა. ამავე სკოლის ყოფილმა მოწაფემ, 19 წლის ნიკოლას კრუზმა სკოლის ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა. თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობებით საავადმყოფოში გადაყვანილია 20-მდე პირი. სამი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. თავდამსხმელი პოლიციამ სკოლის ტერიტორიაზევე დააკავა.
აშშ-ში ხუთდღიანი გლოვაა გამოცხადებული.