„როიტერი“ - აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო შეშფოთებულია აშშ-ში „კროკუს სითის“ ტერაქტის მსგავსი კოორდინირებული თავდასხმის შესაძლებლობის გამო
„როიტერი“ - აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო შეშფოთებულია აშშ-ში „კროკუს სითის“ ტერაქტის მსგავსი კოორდინირებული თავდასხმის შესაძლებლობის გამო

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) შეშფოთებულია აშშ-ში „კროკუს სითის“ ტერაქტის მსგავსი კოორდინირებული თავდასხმის შესაძლებლობის გამო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კრისტოფერ რეი აპირებს, ამის შესახებ ისაუბროს წარმომადგენელთა პალატის წევრებთან ბიუჯეტის საკითხზე მისი მოსმენის ფარგლებში.

„სამართალდამცავ ორგანოებში ჩემს კარიერას თუ გადავხედავ, რთულად წარმოვიდგენდი დროს, როდესაც ჩვენი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ეროვნული უსაფრთხოების წინაშე ამდენი საფრთხე ერთდროულად იქნებოდა გაზრდილი“, – „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულია კრისტოფერ რეის მიერ მომზადებულ სიტყვაში.

გარდა ამისა, „როიტერის“ ინფორმაციით, კრისტოფერ რეი ასევე აპირებს, მოუწოდოს კანონმდებლებს, განაახლონ აშშ-ის თვალთვალის პროგრამა, რომლის ვადაც მიმდინარე თვეში იწურება. მისი აზრით, ეს არის შეუცვლელი ინსტრუმენტი აშშ-ის მოწინააღმდეგეების მიმართ. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი მიიჩნევს, რომ პროგრამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აშშ-ის უსაფრთხოებისთვის.