გამოცემა „ლიბერალის“ რედაქტორს რამდენიმე ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა
გამოცემა „ლიბერალის“ რედაქტორს დაახლოებით 5-6-კაციანი ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა.
შემთხვევა 15 სექტემბერს, საღამოს მოხდა. ზურაბ ვარდიაშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელები მისი კუთვნილი, გასაყიდი ავტომანქანით დაინტერესდნენ და შემთხვევა სწორედ იმ ადგილზე მოხდა, სადაც მანქანა ყავდა დატოვებული. კერძოდ, ვარკეთილის ტერიტორიაზე.
„ადგილზე მაღალი სისწრაფით მომავალი ორი ჯიპი გაჩერდა. იქიდან გადმოვიდნენ და სიტყვის უთქმელად დამესხნენ თავს. მირტყამდნენ ძლიერად. შემდეგ ჩემი მანქანისკენ წათრევა სცადეს, თუმცა ამ დროს იქვე მდებარე ავტოსამრეცხაოდან ხალხი გამოიქცა და ეს ვეღარ შეძლეს”, – ამბობს ზურაბ ვარდიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც მივიდნენ.
ვარიდიაშვილის თქმით, გამოძიებას თავდაპირველად ჰქონდა ვერსია, რომ მომხდარი „კარფურში“ რამდენიმე დღის წინანდელ ჩხუბს ეხებოდა, თუმცა ვარდიაშვილის განცხადებით, ამ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია.
„ლიბერალის“ რედაქტორის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ადვოკატი აიყვანა და შსს-ს პრესსამსახურში დარეკა, გამომძიებელმა კიდევ ერთხელ დაურეკა და განყოფილებაში დაიბარა.
ვარდიაშვილის განცხადებით, „გამომძიებელმა უთხრა, რომ თავდამსხმელებს შეცდომა მოუვიდათ, რომ „კარფურში“ მართლაც მოხდა ჩხუბი, სადაც პირმა, ვინც თქვა, რომ ზურაბ ვარდიაშვილია, იჩხუბა, ხოლო თავდამსხმელებს შეეშალათ და იმ პირის ნაცვლად გაუსწორდნენ“.
ამასთან, შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია ექსპერტიზები.
„მიმდინარეობს ყველა იმ ადამიანის, მათ შორის იდენტიფიცირებული პირების დაკითხვა, რომლებიც ამ თავდასხმას შეესწრნენ ან მასში მონაწილეობდნენ“,- განაცხადას შსს-ში.