შორენა შავერდაშვილი - ვაგრძელებ „ლიბერალის“ გამოცემას და ახალი გუნდის ფორმირებას
შორენა შავერდაშვილი - ვაგრძელებ „ლიბერალის“ გამოცემას და ახალი გუნდის ფორმირებას

ვაგრძელებ „ლიბერალის“ გამოცემას და ახალი გუნდის ფორმირებას, ვეცდებით, „ლიბერალს“ ჰქონდეს უფრო ფართო თემატური მრავალფეროვნება, ჰყავდეს უფრო მეტი ახალი და საინტერესო ავტორი, – ამის შესახებ „ლიბერალის“ მფლობელი და გენერალური დირექტორი შორენა შავერდაშვილი „ფეისბუქში“ წერს.

როგორც შავერდაშვილი ამბობს, ჟურნალისტების სამსახურიდან წასვლის შესახებ ჯერ კონკრეტული საჯარო განცხადების გაკეთებას არ აპირებს.

მისივე თქმით, „ლიბერალი“ ყოველთვის იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სხვადასხვა ტიპის კონიუნქტურული გავლენებისგან.

„ძვირფასო ჟურნალისტებო და „ლიბერალის“ გულშემატკივრებო, ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, მაგრამ აქაც დავწერ, რომ ჯერ კონკრეტულ საჯარო განცხადებას არ ვაქვეყნებ.

ზოგადად კი შეგახსენებთ, რომ „ლიბერალი“ და ჩემს მფლობელობაში არსებული მედია გამოცემები, რაც კი ბოლო 15 წლის მანძილზე გვიკეთებია, ყოველთვის იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სხვადასხვა ტიპის კონიუნქტურული გავლენებისგან. ამაში იყო ჩვენი უნიკალურობაც და სირთულეც.

სწორედ ასე პოზიციონირდა „ლიბერალი“ 10 წლის წინ მედია ბაზარზე და სწორედ ამ პოზიციონირების შენარჩუნება გვინდა.

ამ პრინციპებზე დაყრდნობით ვაგრძელებ „ლიბერალის“ გამოცემას და ახალი გუნდის ფორმირებას და ვეცდებით, „ლიბერალს“ ჰქონდეს უფრო ფართო თემატური მრავალფეროვნება, ჰყავდეს უფრო მეტი ახალი და საინტერესო ავტორი და ბლოგერი, ჰქონდეს უფრო მეტი ანალიტიკური სტატია და რეპორტაჟი და მოვლენების უფრო სიღრმისეული ხედვა.

მიხარია, რომ „ლიბერალის“ (იქამდე კი „ცხელი შოკოლადის„) წიაღში გამოიზარდა ჟურნალისტების და საინტერესო ავტორების უკვე არაერთი თაობა, ვინც მკითხველის ნდობა მოიპოვა და დღემდე აგრძელებს „საჯარო სიკეთის“ სამსახურს, სხვადასხვა ფრონტზე.

რაც ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმაც ცხადყო, მოდის ძალიან საინტერესო ახალგაზრდა თაობა და სწორედ მათ მინდა დავუთმოთ „ლიბერალის“ უკვე 10-წლიანი პლატფორმა და ასპარეზიც! მომავალი მათია!“,- წერს შორენა შავერდაშვილი.

„ლიბერალის“ ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ მედიასაშუალებას სამი რედაქტორი და ყველა ჟურნალისტი ტოვებს.

როგორც განცხადებაში ჟურნალისტები აღნიშნავენ, „ლიბერალის“ მფლობელს და გენერალურ დირექტორს, შორენა შავერდაშვილს მიმართეს წინადადებით, შეექმნა პრეცედენტი და „ლიბერალი“ გადაეცა ან მიეყიდა მათთვის. თუმცა, როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, მათ წინადადებაზე მფლობელმა უარი უთხრათ და პასუხად განუცხადათ, რომ მას არ მოსწონს „ლიბერალის“ პოზიციონირება, დააანონსა საკადრო ცვლილებები, მისი ნდობით აღჭურვილი მმართველის დანიშვნა და ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება.

ჟურნალისტების განცხადებით, მენეჯმენტთან განსხვავებული ხედვების გამო, „ლიბერალში“ მათი დარჩენის შესაძლებლობა ამოიწურა.