ქეთევან ციხელაშვილი - არა მხოლოდ ციხეში, ციხის მიღმაც ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა არის მძიმე
ქეთევან ციხელაშვილი - არა მხოლოდ ციხეში, ციხის მიღმაც ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა არის მძიმე

ოკუპირებული ცხინვალის ციხეებში პატიმრების ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება. მისი განმარტებით, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომა არათუ საქართველოს ხელისუფლებას, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც არ აქვთ, რთულია საუბარი მსგავსი ფაქტების აღკვეთისა თუ პრევენციის ეფექტურ მექანიზმებზე.

„არა მხოლოდ ციხეში, ციხის მიღმაც ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობა არის მძიმე. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც არის ცხინვალის რეგიონში, „წითელი ჯვრის“ საერთშორისო კომიტეტია. მას აქვს დაშვება გარკვეულ შემთხვევებში სპეციალური ჰუმანიტარული წესებით. თუმცა, დაცვისთვის საჭიროა საერთაშორისო მექანიზმები და ინსტრუმენტები, რომელთა წვდომაზე მუდმივად გვაქვს საუბარი იმავე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე, რათა ადამიანის უფლებები დაცული იყოს ყველგან. ასეთი ვალდებულებისგან არავინ არ არის თავისუფალი, მათ შორის არც კონტროლის განმახორციელებელი ძალა“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

ოკუპირებულ ცხინვალში პატიმართა ცემისა და სასტიკი მოპყრობის ამსახველი კადრები გუშინ გავრცელდა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ამ ფაქტების შესახებ უკვე არიან ინფორმირებული საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციები.