პროკურატურა ბოლნისის პოლიციაში 16 წლის მოზარდის სავარაუდო წამების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პროკურატურა ბოლნისის პოლიციაში 16 წლის მოზარდის სავარაუდო წამების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ბოლნისის პოლიციაში 16 წლის მოზარდის სავარაუდო წამების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, არასრულწლოვან თ.ა.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო წამების ფაქტზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ ეტაპზე მოწმის სახით გამოიკითხა ბოლნისის პოლიციის ექვსი თანამშრომელი, მათ შორის ბოლნისის პოლიციის ყოფილი უფროსი.

„ამასთანავე, 2019 წლის 21 მაისს, არასრულწლოვან თ. ა. ს.-თან ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მან დეტალურად აღწერა მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები, მიუთითა დაკავების ადგილი და პოლიციის შენობაში არსებული ის ოთახები, სადაც, მისი თქმით, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, დღეს არასრულწლოვან თ.ა-სთან ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება – პირის ამოცნობა.

„გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა არაერთი პირი. მიმდინარეობს ბოლნისის ცენტრალური კლინიკიდან მიღებული თ.ა.-ს სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა. ამასთან, ასევე, უმოკლეს პერიოდში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო ღონისძიება და გამოიკითხება ყველა პირი, ვისი შემხებლობაც გამოიკვეთება გამოძიების პროცესში, რის შედეგადაც მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება“, – აცხადებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

16 წლის მოზარდი, რომელიც ბოლნისის პოლიციის 10-მდე თანამშრომელს ცემაში, არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში ადანაშაულებს, დღეს ქვემო ქართლის პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც ამოცნობის პროცედურა განხორციელდა.

დატოვე კომენტარი