გალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ქართული მხარის ინიციატივით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის შესახებ იმსჯელეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთო-ს ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია რუსი სამხედროების მიერ ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავების, რუსეთის სამხედრო ბაზაზე გადაყვანისა და გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების შესახებ.
დავით დონდუამ აღნიშნა, რომ ეს არ არის ოკუპირებულ რეგიონებში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ერთადერთი შემთხვევა. მისი თქმით, 2014 და 2016 წლებში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლულები იყვნენ დავით ბაშარული და გიგა ოთხოზორია, ხოლო ზუსტად ერთი წლის წინ, ცხინვალის რეგიონში წამებით მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი.
ამ კონტექსტში, დავით დონდუამ დელეგაციებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ გასულ წელს ხსენებულ პირებთან დაკავშირებით, რეზოლუციის – „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“ მიღების თაობაზე.
ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მოსახლეობა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას განიცდის და მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობს. მათი ფუნდამენტური უფლებები სისტემატიურად ირღვევა.
„მათ უკანონოდ აკავებენ, იტაცებენ და უზღუდავენ თავისუფალი გადაადგილებისა და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უფლებას“-აღნიშნა დავით დონდუამ.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მექანიზმების არ დაშვების გამო და ხაზი გაუსვა ასეთ ვითარებაში გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების დაუყოვნებლივ განახლების აუცილებლობას.