გალილეო გალილეის ცნობილი ხელნაწერი სინამდვილეში ყალბი აღმოჩნდა — #1tvმეცნიერება
გალილეო გალილეის ცნობილი ხელნაწერი სინამდვილეში ყალბი აღმოჩნდა — #1tvმეცნიერება

ხელნაწერი დოკუმენტი, რომელიც მიიჩნეოდა, რომ გალილეო გალილეის ეკუთვნოდა, სინამდვილეში ყალბია. ამის შესახებ მიჩიგანის უნივერსიტეტი იუწყება.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის განცხადების მიხედვით, ქაღალდის ეს ერთი ფურცელი მათი კოლექციის საგანძურში შედიოდა.

თუმცა, ისტორიის პროფესორის მიერ ჩატარებული შიდა მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ის ყალბია: ქაღალდზე არსებული ჭვირნიშნები მე-18 საუკუნეზე უფრო ადრეული არ არის, ანუ, შესრულებულია სახელგანთქმული ასტრონომის სიკვდილიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ.

„ძალიან შეგვრცხვა, როდესაც პირველად გავიგეთ, რომ ჩვენი გალილეო სინამდვილეში გალილეო არ იყო“, — ამბობს მიჩიგანის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მკვლევარი დონა ჰეივარდი.

უნივერსიტეტს ეს ხელნაწერი 1938 წლიდან აქვს, როდესაც ის დეტროიტელი ბიზნესმენის, ტრეისი მაკგრეგორის რწმუნებულებმა შესწირეს. ბიზნესმენმა ხელნაწერი 1934 წელს, სხვა კოლექციონერისგან, აუქციონზე შეიძინა.

1934 წლის აუქციონის კატალოგის მიხედვით, ხელნაწერის ავთენტიფიკაცია (ნამდვილობა) პიზის მთავარეპისკოპოსმა, კარდინალმა პიეტრი მაფიმ (1858-1931) მოახდინა, რომელმაც ის საკუთარ კოლექციაში დაცულ გალილეოს სხვა წერილებს შეადარა.

ხელნაწერის ზედა ნაწილი წარმოადგენს წერილის შავ ვერსიას, რომელიც გალილეომ ვენეციის ჰერცოგს (დოჟი) 1609 წელს, ახალი ტელესკოპის წარდგენამდე მისწერა. სახელგანთქმულმა ასტრონომმა ამ წერილის ვერსია მართლაც დაწერა და მისი საბოლოო მონახაზი იტალიაში, ვენეციის სახელმწიფო არქივში ინახება.

წერილის ქვედა ნაწილი წარმოადგენს ჩანაწერებს იუპიტერის მთვარეების შესახებ, რა ასევე გალილეოს რეალურ ჩანაწერებს ეფუძნება. საბოლოო სახით ეს ჩანაწერები ასევე იტალიაში ინახება, ფლორენციის ეროვნულ ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.

როდესაც ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიკოსმა ნიკ ვაილდინგმა დოკუმენტის ფოტო ნახა, იეჭვა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო. მელანი, ხელწერა და ზოგიერთი სიტყვა საკმაოდ უცნაური ჩანდა მე-17 საუკუნის დოკუმენტისთვის.

საკუთარი ეჭვების შესახებ, ვაილდინგმა 2022 წლის მაისში მიჩიგანის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კურატორს, პაბლო ალვარესს მისწერა. ამის შემდეგ, უნივერსიტეტმა შიდა მოკვლევა დაიწყო.

სამი თვის შემდეგ, უნივერსიტეტმა განაცხადა, რომ ვაილდინგი მართალი იყო. დოკუმენტი გალილეოს დაწერილი არ არის და დიდი ალბათობით, ის ტობია ნიკორტას შესრულებულია, ცნობილი იტალიელი გამყალბებლის, რომელიც ამ საქმიანობას 1920-1930-იან წლებში ეწეოდა.

აღმოჩენის დამადასტურებელი გახდა ქაღალდზე არსებული ჭვირნიშანი. ძველი ქაღალდენი ხშირად შეიცავს ჭვირნიშნებს, რომლებშიც მითითებულია ქაღალდის მწარმოებელი და წარმოების ადგილი.

გალილეოს ქაღალდის ჭვირნიშანზე წერია „AS“, ანუ ქაღალდის დამამზადებლის ინიციალები და „BMO“, იტალიის ქალაქ ბერგამოს შემოკლებული სახელი. BMO ნიშნით უძველესი ქაღალდები 1770 წლით თარიღდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქაღალდი ამაზე ძველი ვერ იქნება.

გარდა ამისა, მიჩგანის უნივერსიტეტმა ვერ მიაგნო ვერანაირ მტკიცებულებას იმისა, რომ გალილეოს ეს დოკუმენტი 1930-იან წლებამდეც არსებობდა. კიდევ უფრო უარესი კი ის არის, რომ ის ორი დოკუმენტი, რომელთა საფუძველზეც კარდინალმა მაფიმ ვითომ მისი ნამდვილობა დაადასტურა, ასევე ნიკოტრას მიერ გაყალბებული აღმოჩნდა.

უნივერსიტეტის განცხადების მიხედვით, ვაილდინგმა ასევე გამოავლინა ნიკოტრას მიერ გაყალბებული გალილეოს კიდევ ერთი ხელნაწერი (რომელიც ვითომ 1607 წლის იყო), რომელიც ნიუ-იორკის მორგანის ბიბლიოთეკის კოლექციაში ინახება.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.