აღმოჩენილია გალილეოს დაკარგული წერილი, რომელშიც ის თავის გადასარჩენად ინკვიზიციას ატყუებს
აღმოჩენილია გალილეოს დაკარგული წერილი, რომელშიც ის თავის გადასარჩენად ინკვიზიციას ატყუებს

გარდა იმ დიდი წვლილისა, რომელიც თანამედროვე მეცნიერების ევოლუციაში მიუძღვის, გალილეო გალილეი ცნობილია იმითაც, რომ ღიად დაუპირისპირდა მე-17 საუკუნის კათოლიკურ ეკლესიას. ის თავგამოდებით ამტკიცებდა, რომ მზის სისტემა ჰელიოცენტრულია, რითაც ეწინააღმდეგებოდა ეკლესიის დოქტრინას და შესაბამისად, ერეტიკოსადაც შერაცხეს. ახალი აღმოჩენა გალილეოს ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის.

1613 წლის დეკემბერში გალილეოს მიერ მეგობრისთვის გაგზავნილი წერილი ხელში ეკლესიას ჩაუვარდა, რის გამოც ის ინკვიზიციის მხრიდან სასტიკი დევნის ობიექტი გახდა. თავის მეგობრის, მათემატიკოს ბენედეტო კასტელისთვის მიწერილ წერილში გალილეო პირველ რიგში ხაზს უსვამს, რომ უარყოფს ეკლესიის დოგმას და ემხრობა კოპერნიკის თეორიას, რომლის მიხედვითაც, დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს.

ჩვენამდე ამ წერილის ორი ასლმა მოაღწია. უფრო მწვავე ვერსია ბერმა ნიკოლო ლორინიმ 1615 წელს ინკვიზიციას გაუგზავნა. წერილმა ფურორი მოახდინა და რელიგიურ მმართველთა დიდი აღშფოთებაც გამოიწვია. ამის შემდეგ, გალილეომ დაიჟინა, რომ ეს ვერსია მას არ ეკუთვნოდა, ეკლესიის მიერ იყო შეცვლილი და უფრო გამძაფრებული, რათა ის ერეტიკოსობის ბრალდებით სიკვდილით დაესაჯათ.

საუკუნეების განმავლობაში, ისტორიკოსები ამ საკითხზე თავს იმტვრევდნენ და ცდილობდნენ გაერკვიათ, ვინ იყო მართალი. მაგრამ ახალი აღმოჩენის წყალობით, მკვლევრები თითქმის დარწმუნებული არიან, რომ გალილეომ საკუთარი თავის გადასარჩენად მართლაც მოიტყუა.

წერილი, რომელიც არასწორი თარიღის გამო დაკარგული იყო, ლონდონის სამეფო საზოგადოების ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს. გალილეომ ის თავის მეგობარს, კათოლიკური ეკლესიის მსახურ პიერო დინის მას შემდეგ გაუგზავნა, რაც მისმა წინა, უფრო აგრესიულმა წერილმა 1615 წელს დიდი მღელვარება გამოიწვია. გალილეო ამტკიცებდა, რომ ეს წერილის სწორი ვერსია იყო და წინა ვერსია ინკვიზიციის მიერ განზრახ იყო შეცვლილი, რათა ის ერეტიკოსობაში დაედანაშაულებინათ.

ახალი წერილი იტალიის ბერგამოს უნივერსიტეტის ისტორიკოსმა სალვატორე რიკარდომ 2018 წლის აგვისტოში აღმოაჩინა. გულმოდგინე ანალიზის შემდეგ, მან მიაგნო რამდენიმე მანიშნებელს, რომ წერილი მართლაც გალილეოს ეკუთვნის. გარდა იმისა, რომ მე-7 გვერდზე დატანილია ხელმოწერა „G.G“, ხელწერა კარგად ემთხვევა გალილეოს სხვა წერილებისას.

ამ თავშეკავებულ, ზომიერ ვერსიაში შეცვლილი და შერბილებულია მრავალი მწვავე პასაჟი.

ჟურნალი Nature განმარტავს, როგორ შეარბილა გალილეომ მრავალი სხვადასხვა მონაკვეთი.

„ერთ ადგილას, გალილეო ბიბლიის გარკვეულ წინადადებებს იხსენიებს როგორც „ყალბს, თუკი ვინმე სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით აღიქვამს“. ახალ ვერსიაში გალილეოს გადახაზული აქვს სიტყვა „ყალბი“ და ჩასწორებული აქვს სიტყვებით „გამოიყურებოდეს სიმართლისგან განსხვავებულად“.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.