გალაპაგოსის კუნძულებზე აღმოაჩინეს გიგანტური კუს სახეობა, რომელიც ბოლოს 1909 წელს ნახეს
გალაპაგოსის კუნძულებზე აღმოაჩინეს გიგანტური კუს სახეობა, რომელიც ბოლოს 1909 წელს ნახეს

გალაპაგოსის არქიპელაგის კუნძულ ფერნანდინაზე აღმოაჩინეს გიგანტური კუების სახეობა, რომელიც მიაჩნდათ, რომ დაახლოებით ასი წლის წინ გადაშენდა. ამის შესახებ ეკვადორის მთავრობა იუწყება.

მდედრი ინდივიდი ზუსტი სახელით Chelonoidis phantasticus, გალაპაგოსის პარკის ადმინისტრაციის მირ მოწყობილი ექსპედიციისას იპოვეს.

ეკვადორის გარემოს დაცვის მინისტრმა მარსელო მატამ კუს ფოტო „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. ჩანს, რომ გიგანტურ კუს შედარებით რბილი ჯავშანი და მკრთალი ვარდისფერი დინგი აქვს.

ამ სახეობას კუნძულ ფერნანდინას კუებს უწოდებენ და ბოლოს კუნძულზე ისინი 1906 წელს, კალიფორნიის მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიციამ დააფიქსირა.

ფერნანდინას კუები იმ დროს უკვე უიშვიათესობას წარმოადგენდა და ჩათვალეს, რომ ვულკანური ამოფრქვევების გამო ის მალევე გადაშენდებოდა.

ფერნანდინა გალაპაგოსის არქიპელაგის ყველაზე ახალგაზრდა კუნძულია და ვულკანურად ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია.

გალაპაგოსის დაცული ტერიტორიების ვებგვერდის მიხედვით, მართალია, კუს ეს სახეობა გადაშენებულად მიიჩნეოდა, მაგრამ პერიოდულად ჩნდებოდა ცნობები, რომ კუნძულზე ჯერ კიდევ ცოცხალი უნდა ყოფილიყო რამდენიმე ინდივიდი.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) 2015 წელს ეს სახეობა კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფ ან სავარაუდოდ გადაშენებულ სახეობათა სიაში შეიტანა.

„ფერნანდინას ჰაბიტატი დიდწილად შედგება სიმშრალის ამტანი ბუჩქნარისგან, მაგრამ ბოლოდროინდელმა ვულკანურმა ამოფრქვევებმა ჰაბიტატის დიდი ნაწილი გაანადგურა“, — წერია IUCN-ის განცხადებაში.

ორგანიზაციის მონაცემებით, 2013 წელს, მცენარეულობის მონიტორინგის დროს შენიშნეს კუების ფეკალიები და ნაკვალევი. თუმცა, ამ ნიშნებს დადასტურება სჭირდებოდა. ცოტა ხნის წინ ასეც მოხდა. მკვლევართა ვარაუდით, გადარჩენილი კუების რიცხვი უკიდურესად მცირე უნდა იყოს.

გალაპაგოსის ცხრა კუნძულზე ერთ დროს გიგანტური კუების 14 სახეობა ბინადრობდა. ყველა მათგანი ერთმანეთისგან ზომითა და ჯავშნის ფორმით განსხვავდებოდა. დღეისათვის, ექვს კუნძულზე მხოლოდ ათი სახეობაღაა შემორჩენილი.