ბოლო წლებში, ხელოვნურმა ინტელექტმა ფორმა იცვალა.
ის, რაც საზოგადოების თვალში მზარდი, პერსპექტიული გამოყენების სფეროს სახით დაიწყო, ახლა უკვე 100-მილიარდიანი ინდუსტრიაა ისეთი მძიმეწონიანი მოთამაშეებით, როგორებიც არიან Microsoft-ი, Google, OpenAI და ა. შ.
შედეგებს შორის არის სულ უფრო მეტად დახვეწილი დიდი ენობრივი მოდელები, რომლებიც ხშირად ნაჩქარევად, სათანადო შემოწმებისა და ზედამხედველობის გარეშე გამოიცემა.
ამ მოდელებს ბევრი ისეთი რამის გაკეთება შეუძლიათ, რასაც ადამიანები აკეთებენ, მრავალ შემთხვევაში კი უკეთესადაც კი. შეუძლიათ დაგვამარცხონ სტრატეგიულ თამაშებში, შექმნან ხელოვნების საოცარი ნიმუშები, დასვან კიბოს დიაგნოზი და შექმნან მუსიკა.
ეჭვგარეშეა, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემები გარკვეულწილად „გონიერი“ ჩანს. თუმცა, გახდებიან თუ არა ოდესმე ისინი ისეთივე გონიერები, როგორც ადამიანები?
არსებობს ამის ტერმინი: ხელოვნური ზოგადი ინტელექტი (AGI). მიუხედავად იმისა, რომ ეს ფართო კონცეფციაა, სიმარტივისთვის, AGI შეგიძლიათ წარმოიდგინოთ წერტილად, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი (AI) ადამიანის მსგავს განზოგადებულ კოგნიტურ შესაძლებლობებს შეიძენს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს გახლავთ წერტილი, სადაც ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გაუმკლავდეს ნებისმიერი იმ ინტელექტუალური ამოცანას, რასაც ადამიანი.
თუმცა, AGI ჯერ არ არსებობს; ხელოვნური ინტელექტის ამჟამინდელ მოდელებს ხელს უშლის ადამიანების გარკვეული თვისებების ნაკლებობა, მაგალითად, ნამდვილი კრეატიულობის და ემოციური ცნობიერების.
გამოცემა The Conversation-მა ხუთ ექსპერტს ჰკითხა, ფიქრობენ თუ არა, რომ ხელოვნური ინტელექტი ოდესმე AGI გახდება. ხუთივე მათგანი ამბობს, რომ დიახ.
კითხვას ისინი ოდნავ სხვადასხვაგვარად მიუდგნენ. მათი პასუხებიდან კიდევ უფრო მეტი კითხვა გაჩნდა. როდის შეიძლება მივაღწიოთ AGI-ს? აჯობებ თუ არა ის ადამიანებს? და რას ნიშნავს ზოგადად „ინტელექტი“?
გთავაზობთ მათ პასუხებს:
პოლ ფორმოზა
ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიის ფილოსოფია
ხელოვნური ინტელექტი ადამიანს უკვე დაეწია და გადაასწრო კიდეც მრავალ ამოცანაში. შეუძლია დაგვამარცხოს სტრატეგიულ თამაშებში, გვაჯობოს ენის შესრულების მრავალ კრიტერიუმში და დაწეროს სრულიად მისაღები ესე უნივერსიტეტის ბაკალავრიატისთვის.
რა თქმა უნდა, ასევე შეუძლია რაღაცის გამოგონება ან „წარმოსახვა“ და ამაში შეცდეს, მაგრამ ადამიანებიც ხომ ასე არიან.
საკმარისი დროის გათვალისწინებით, ხელოვნური ინტელექტი ალბათ გადაიქცევა AGI-დ ან მიიღებს „ადამიანის დონის ინტელექტს“. ანუ, მას ექნება უნარი, საკმარის პროფესიონალიზმს მიაღწიოს გონიერების იმ მრავალ სფეროში, სადაც ადამიანი მოღვაწეობს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი შეიძლება წუხდეს, რომ ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ის ნამდვილად „გონიერი“ არ იქნება, რადგან ვერ გააცნობიერებს რას აკეთებს, რადგან ცნობიერი არ არის.
თუმცა, ხელოვნური ინტელექტის აღზევება მიუთითებს, რომ გონიერება ცნობიერების გარეშე შეიძლება გვქონდეს,რადგან ინტელექტი შეიძლება აღვიქვათ ფუნქციური თვალსაზრისით. გონიერ ერთეულს შეუძლია გააკეთოს გონიერი რამეები, მაგალითად, ისწავლოს, დაასაბუთოს, დაწეროს მოთხრობები ან შექმნას ხელსაწყოები.
ჩვენ მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტი შეიძლება ცნობიერი ვერასოდეს გახდეს, მაგრამ სულ უფრო მეტად ახერხებს გონიერი რამეების კეთებას. ზოგიერთ შემთხვევაში, ამას ისინი ჩვენზე უკეთ აკეთებენ და დიდი ალბათობით, ეს ტენდენცია გაგრძელდება.
კრისტინა მაჰერი
კომპიუტერული ნეირომეცნიერება და ბიოსამედიცინო ინჟინერია
ხელოვნური ინტელექტი ადამიანის დონის გონიერებას მიაღწევს, მაგრამ ალბათ ეს მალე არ მოხდება. ადამიანის დონის გონიერება გვაძლევს მსჯელობის, პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. მოითხოვს მრავალ კოგნიტურ უნარს, მათ შორის შემგუებლობას, სოციალურ ინტელექტს და გამოცდილებიდან სწავლას.
ხელოვნური კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. ხელოვნური ინტელექტის მოდელებისთვის რჩება მხოლოდ ისეთი ადამიანური თვისებების სწავლა, როგორიც არის კრიტიკული აზროვნება, იმის გაგება, თუ რა არის ემოცია და რომელმა მოვლენებმა შეიძლება აღძრას ის.
ჩვენ, ადამიანები, ამ თვისებებს დაბადების მომენტიდან მოყოლებული ვიძენთ. „ბედნიერების“ პირველი გამოცდილება იმდენად ადრე დგება, რომ ვერც კი ვიმახსოვრებთ. ბავშვობაში ასევე ვსწავლობთ კრიტიკულ მსჯელობას და ემოციების მართვას. გარესამყაროსთან ურთიერთქმედებისას გვივითარდება ემოციების განცდა. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის თავის ტვინს ასეთი გონიერების ჩამოყალიბებისთვის მრავალი წელი სჭირდება.
ხელოვნურ ინტელექტს ეს შესაძლებლობები ჯერ არ აქვს. მაგრამ თუკი ადამიანებმა ეს უნარები აითვისეს, სავარაუდოდ, ხელოვნურმა ინტელექტმაც უნდა შეძლოს — თანაც, ალბათ უფრო სწრაფად. ჯერ მხოლოდ ახლა ვსწავლობთ, როგორ უნდა შეიქმნას ხელოვნური ინტელექტის მოდელები, როგორ უნდა გავწვრთნათ და ვიურთიერთოთ, რათა მათ ასეთი თვისებები შევძინოთ. რეალურად, მთავარი კითხვა ის კი არ არის, მიაღწევს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ადამიანის დონის გონიერებას, არამედ ის, თუ როდის და როგორ შეძლებს ის ამას.
სეიედალი მირჯალილი
ხელოვნური და გუნდური ინტელექტი
მჯერა, რომ ხელოვნური ინეტელექტი ადამიანის ინტელექტს უკან ჩამოიტოვებს. რატომ? წარსული გვთავაზობს ცნობებს, რომელთა იგნორირებაც შეუძლებელია. მრავალ ადამიანს სჯეროდა, რომ ისეთი ამოცანები, როგორიც არის ვიდეოთამაშების თამაში, სურათების ამოცნობა და კონტენტის შექმნა მხოლოდ ადამიანებს შეეძლოთ. თუმცა, ტექნოლოგიურმა წინსვლამ საპირისპირო დაამტკიცა.
დღეისათვის, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების სწრაფი განვითარებამ და დანერგვამ, მონაცემთა და კომპიუტინგის რესურსების სიმრავლესთან ერთად, ინტელექტისა და ავტომატიზაციის მანამდე წარმოუდგენელ დონესთან მიგვიყვანა. თუკი ასეთ ტრაექტორიას გავყვებით, უფრო განზოგადებული ხელოვნური ინტელექტის ქონა არა შესაძლებლობის, არამედ მხოლოდ დროის საკითხია.
ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად დაწინაურდა, მაგრამ ამას ჯერ ვერ მიაღწია ისეთ დავალებებში, რომლებიც მოითხოვს ინტუიციას, ემპათიას და შემოქმედებითობას. თუმცა, ამის საშუალებას ალგორითმებში მიღწევები მოგვცემს.
ამას გარდა, მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტის სისტემები ადამიანის მსგავს კოგნიტურ უნარებს მიაღწევს, ზვავის ეფექტი გაჩნდება და ხელოვნური ინტელექტის სისტემებს საკუთარი თავის გაუმჯობესება ადამიანის მინიმალური ჩართულობით შეეძლებათ. ამ სახის „ინტელექტის ავტომატიზაცია“ სიღრმისეულად შეცვლის მსოფლიოს.
ხელოვნური ზოგადი ინტელექტი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება; არსებობს ეთიკური და საზოგადოებრივი გავლენები, რომლებიც ამ მიმართულებით სვლისას ძლიერ ფრთხილად უნდა განვიხილოთ.
დანა რეზაზადეგანი
ხელოვნური ინტელექტის და მონაცემთა მეცნიერი
დიახ, ხელოვნური ინტელექტი ადამიანის მსგავსად ჭკვიანი ხდება მრავალი თვალსაზრისით — მაგრამ ზუსტად რამდენად ჭკვიანი გახდება, დიდწილად დამოკიდებულია კვანტურ კომპიუტინგში წინსვლაზე.
ადამიანის ინტელექტი არც ისე მარტივია, როგორც ფაქტების ცოდნა. აქვს რამდენიმე ასპექტი, როგორიც არის თუნდაც შემოქმედებითობა, ემოციური ინტელექტი და ინტუიცია, რომელთა მიბაძვაც ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ამჟამად შეუძლიათ, მაგრამ არ ძალუძთ ზუსტად დამთხვევა. ასე რომ, ხელოვნური ინტელექტი მასშტაბურად განვითარდა და ეს ტენდენცია გაგრძელდება.
ამჟამინდელი მოდელები შეზღუდულია შედარებით მცირე და მიკერძოებული საწვრთნელი მონაცემთა ბაზებით; ასევე შემზღუდველი ფაქტორია კომპიუტინგის სიმძლავრე. კვანტური კომპიუტერების გამოჩენა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს გაზრდის. კვანტურად გაძლიერებული ხელოვნური ინტელექტით შევძლებთ, რომ ხელოვნური ინტელექტის მოდელები მრავალი მასიური მონაცემთა ბაზით „გამოვკვებოთ“, რომელიც შეიძლება შევადაროთ ადამიანის გონებაში გარესამყაროსთან ურთიერთქმედების შედეგად დაგროვებულ მრავალმოდალურ მონაცემთა კოლექციას. ეს მოდელები სწრაფ და ზუსტ ანალიზს შეძლებენ.
უწყვეტი დასწავლის მოწინავე ვერსიის ქონამ უნდა განაპირობოს ძლიერ დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარება, რომლებიც, გარკვეულ წერტილში, საკუთარი თავის გაძლიერებას ადამიანის ჩარების გარეშე შეძლებენ.
სტაბილურ კვანტურ კომპიუტერებზე მომუშავე ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს დიდი შანსი აქვთ, რომ მიაღწიონ ადამიანის გენერალიზებული ინტელექტის მსგავს რაღაცას, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არაა აუცილებელი, ადამიანის ინტელექტს ყველა ასპექტში დაემთხვეს.
მარსელ შარტი
მანქანური დასწავლა
ვფიქრობ, ხელოვნური ზოგადი ინტელექტი (AGI) ერთ მშვენიერ დღეს რეალობა გახდება, მაგრამ ზუსტად როდის, ძნელი სათქმელია. თუ AGI შეიქმნება, გარდაუვალია, რომ ის ადამიანის დონის ინტელექტს უკან მოიტოვებს.
ადამიანები თავად ვართ იმის მტკიცებულება, რომ ფიზიკის კანონებით შესაძლებელია ძლიერ მოქნილი და მორგებადი ინტელექტის არსებობა. არ არსებობს ფუნდამენტური მიზეზი არ გვჯეროდეს, რომ მანქანებმა ვერ შეძლონ ისეთი კომპიუტინგის ჩატარება, რაც ადამიანის მსგავსად პრობლემების გადაჭრის უნარების შესაძენად არის საჭირო.
გარდა ამისა, ხელოვნურ ინტელექტს მკაფიო უპირატესობები აქვს ადამიანებთან მიმართებაში, მაგალითად, უკეთესი სიჩქარე და მეხსიერების ტევადობა, ნაკლები ფიზიკური შეზღუდვები და მეტი რაციონალურობისა და რეკურსიული თვითგაუმჯობესების პოტენციალი.
ამის შემდეგ, ჩვენი ძირითადი გამოწვევა იქნება თავად ინტელექტის უკეთ შესწავლა და იმის გარკვევა, როგორ შევქმნათ AGI. ხელოვნური ინტელექტის დღევანდელ სისტემებს მრავალი შეზღუდვა აქვს და ახლოსაც კი არ არიან დახელოვნდნენ ისეთ სხვადასხვა სფეროში, რომლებიც AGI-ისთვის იქნებოდა დამახასიათებელი. AGI-ის სავალ გზაზე, ალბათ საჭირო იქნება არაპროგნოზირებადი მიღწევები და ინოვაციები.
AGI-ს გამოსვლის საშუალო სავარაუდო თარიღად 2032 წელი განიხილება, მაგრამ ეს პროგნოზი ზედმეტად ოპტიმისტურად ჩანს. 2022 წელს გამოქვეყნებული საექსპერტო მოხსენების მიხედვით, ადამიანის დონის ხელოვნური ინტელექტის მიღწევის 50-პროცენტიანი შანსი 2059 წლისთვის არსებობს.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.