ChatGPT-მა აშშ-ის სამედიცინო ლიცენზირების გამოცდა თითქმის ჩააბარა — #1tvმეცნიერება
ChatGPT-მა აშშ-ის სამედიცინო ლიცენზირების გამოცდა თითქმის ჩააბარა — #1tvმეცნიერება

ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სასაუბრო ბოტი, სახელად ChatGPT-ი გვპირდება, რომ სრულიად შეცვლის ჩვენ მიერ ტექსტის წერის გზებს, ინტერნეტში ძიებას და თვითგანათლებას.

გაინტერესებთ, ამჯერად რა არის ChatGPT-ის უახლესი მიღწევა? თითქმის ჩააბარა აშშ-ის სამედიცინო ლიცენზირების გამოცდა (USMLE).

საუბარია გამოცდაზე, რომელიც ცნობილია სირთულით, მოსამზადებლად საჭიროა 300-400 საათი და მოიცავს თითქმის ყველაფერს, მეცნიერების საფუძვლებიდან დაწყებული, ბიოეთიკით დამთავრებული.

სინამდვილეში, USMLE სამ გამოცდას აერთიანებს; კომპეტენცია, რომლითაც ChatGPT-მა კითხვებს უპასუხა, აჩვენებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ხელოვნური ინტელექტის ეს ბოტი შეიძლება ფრიად გამოსადეგი გახდეს სამედიცინო ტრენინგებისთვის და გარკვეული ტიპის დიაგნოსტიკისთვისაც კი.

„ChatGPT-მა თითქმის გადალახა სამივე გამოცდის ჩაბარების ზღვარი რაიმე სპეციალური მომზადებისა და დაძალების გარეშე. ამას გარდა, ChatGPT-მა წარმოაჩინა მაღალი დონის შესაბამისობა და გამჭრიახობა განმარტებებში“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

ChatGPT არის ხელოვნური ინტელექტის ტიპი, რომელსაც ენის დიდ მოდელს (LLM) უწოდებენ. ისინი სპეციალურად წერილობითი პასუხებზეა მორგებული; დიდი ოდენობით ტექსტებისა და ჭკვიანური ალგორითმების საშუალებით, შეუძლიათ იმის პროგნოზირება, რომელი სიტყვები უნდა გამოიყენოს წინადადებაში, დაახლოებით ტელეფონში ტექსტის შეთავაზების ფუნქციის მსგავსად.

სინამდვილეში, ChatGPT-მა არაფერიც არ იცის, ის უბრალოდ დიდი ოდენობით ონლაინმასალას აანალიზებს და შეუძლია დამაჯერებელი ჟღერადობის წინადადებების შედგენა თითქმის ყველა თემაზე.

„დამაჯერებელი ჟღერადობა“ საკვანძოა. სხვადასხვა ფრაზირების ალბათობიდან გამომდინარე, ხელოვნური ინტელექტი შეიძლება უცნაურად ჭკვიანი ჩანდეს ან ყველაზე სასაცილო დასკვნებამდე მივიდეს.

სტარტაპ Ansible Health-ის მკვლევრებმა ის USMLE გამოცდის ზოგიერთი კითხვის გამოყენებით გატესტეს, ისეთ კითხვებზე, რომლებზე პასუხებიც Google-ში არ იძებნებოდა; შესაბამისად, იცოდნენ, რომ ChatGPT-ს პასუხები იმ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა მოემზადებინა, რომლებზეც გაწვრთნეს.

სამივე გამოცდის ტესტში, ChatGPT-ის შედეგები 52,4 – 75 პროცენტს შორის იყო (ჩაბარების ზღვარი დაახლოებით 60 პროცენტია). პასუხების 88,9 პროცენტში, მან სულ მცირე ერთი მნიშვნელოვანი ცნობა დადო, რომლებიც მკვლევართა განცხადებით, იყო „ახალი, არააშკარა და კლინიკურად მოქმედი“.

„ამ განსაკუთრებით რთულ გამოცდაში გამსვლელ ქულასთან მიღწევა, თანაც ადამიანთა ჩარევის გარეშე, მნიშვნელოვანი ეტაპია ხელოვნური ინტელექტისთვის“, — წერენ მკვლევრები.

ChatGPT-მა ასევე დაამტკიცა, რომ შთამბეჭდავად თანმიმდევრული იყო პასუხებში და თითოეული პასუხის დასაბუთებაც კი შეეძლო. სიზუსტით აჯობა სპეციალურად სამედიცინო ლიტერატურაზე გაწვრთნილ ბოტ PubMedGPT-საც, რომელმაც ამ გამოცდაში 50,3 პროცენტი მიიღო.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ინფორმაციას, რომლითაც ChatGPT-ი გაწვრთნეს, ექნება უზუსტობებიც. თუ თავად ბოტს ჰკითხავთ, აღიარებს, რომ LLM-ების გასაუმჯობესებლად მეტი შრომაა საჭირო. უახლოეს მომავალში, ის ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს მედიცინის პროფესიონალებს.

თუმცა, ონლაინ ცოდნის გაანალიზების პოტენციალი აშკარად უზარმაზარია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელოვნური ინტელექტის ამ ბოტების დახვეწა გრძელდება. სამედიცინო სფეროში ადამიანთა ჩანაცვლების ნაცვლად, ისინი შეიძლება მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამხმარეები გახდნენ.

კვლევა PLOS Digital Health-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.