გაგზავნეთ თქვენი სახელი მზეზე - NASA ნებისმიერ მსურველს თავის ხომალდზე ეპატიჟება
22:16, 18.03.2018
გსურთ ამ ზაფხულს ცხელ-ცხელი ბილეთი მიიღოთ ყოველგვარ რიგში დგომის გარეშე?
ნებისმიერ მსურველს მთელი მსოფლიოდან, NASA საშუალებას აძლევს თავის გვარ-სახელი ატვირთოს სპეციალურ ფორმაში, საიდანაც ის გადაიწერება მიკროჩიპზე, რომელიც დამაგრებული იქნება სააგენტოს ისტორიულ პარკერის მზის ზონდზე, რომელიც 2018 წლის ზაფხულში გაეშვება. მისიის სახელწოდებაა „შეეხე მზეს“.
„ეს ზონდი გაემგზავრება რეგიონში, რომელიც კაცობრიობას აქამდე არასოდეს გამოუკვლევია. მისია პასუხს გასცემს კითხვებს, რომლებიც მეცნიერებს უკვე 60 წელიწადზე მეტია აქვთ“, — აცხადებს NASA-ს სამეცნიერო მისიათა დირექტორატის ასოცირებული ადმინისტრატორი თომას ზურბუხენი.
კოსმოსის მეცნიერთათვის, მზის შესწავლა ყოველთვის მთავარი პრიორიტეტი იყო. კოსმოსსა და პლანეტათა კოსმოსურ გარემოზე მზის გავლენის შემსწავლელ დარგს ჰელიოფიზიკა ეწოდება. ეს დარგი სასიცოცხლოა არა მხოლოდ დედამიწის ყველაზე მნიშვნელოვანი, სიცოცხლის მიმნიჭებელი დედავარსკვლავის შესასწავლად, არამედ მთლიანი მზის სისტემისა და სხვა ვარსკვლავურ სისტემათა საკვლევად.
კოსმოსური ხომალდი დაახლოებით პატარა მანქანის ზომისაა. შევა პირდაპირ მზის ატმოსფეროში, ვარსკვლვის ზედაპირიდან 6 მილიონი კილომეტრის მანძილზე. მისიის უმთავრესი სამეცნიერო მიზანია გაარკვიოს თუ როგორ მოძრაობს ენერგია და სიცხე მზის გვირგვინში (კორონა) და გამოიკვლიოს, რა ანიჭებს ამაჩქარებელ ძალას მზის ქარებსა და ენერგეტიკულ ნაწილაკებს.
მისია რევულუციას მოახდენს მზის ჩვენეულ გაგებაში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს დედავარსკვლავში მცირედ შეცვლილ გარემოსაც კი შეუძლია წარმოუდგენელი ზიანი მიაყენოს როგორც ჩვენს მშობლიურ დედამიწას, ისე სისტემის სხვა პლანეტებს.
ციცქნა, შეუპოვარი ზონდი 2018 წლის აგვისტოში გაეშვება და გზად შვიდჯერ შემოუვლის ვენერას. მოგზაურობა შვიდ წელს გასტანს და საბოლოოდ, ზონდი მზის ზედაპირს, ფოტოსფეროს 6 მილიონ კილომეტრ მანძილზე მიუახლოვდება.
შესაძლოა იფიქროთ, რომ ეს მანძილი არც თუ ისე მცირეა, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სულ რაღაც ცხრაჯერ აღემატება მზის რადიუსს.
ზონდს მოუწევს გაუძლოს 1 400° ცელსიუსს და შეინარჩუნოს მარგი ტვირთი.
პარკერის მზის ზონდის ღირებულება 1,5 $ მილიარდია. ხომალდი ზონდიყენებს წყლის ცირკულაციის სისტემას, რაც დაიცავს ინსტრუმენტებს, რომლებმაც უნდა გაზომონ მზის გვირგვინის ელექტრული და მაგნიტური ველები, ელექტრონთა ტემპერატურა და პლაზმის სიმკვრივე.
და რა თქმა უნდა, ზონდი ფოტოკამერითაც იქნება აღჭურვილი, რომელიც მზის სიღრმეში ჩაგვახედებს.
კოსმოსური ხომალდი წარმოუდგენელი სიჩქარით იმოძრავებს: 692 000 კმ/სთ, რაც იგივეა, ვაშინგტონიდან ტოკიოში ერთ წუთზე ნაკლებ დროში ჩახვიდეთ.