გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია - გლობალური პანდემიის გამო, მსოფლიოში სურსათზე ფასები დაეცა
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია - გლობალური პანდემიის გამო, მსოფლიოში სურსათზე ფასები დაეცა

გლობალური პანდემიით გამოწვეული შემცირებული მოთხოვნა და ნავთობის ფასის ვარდნა, ძირითად სასურსათო პროდუქციაზე საერთაშორისო ფასების კლების მიზეზი გახდა, – ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის ცნობით, მარტში, მსოფლიოში სურსათზე ფასები მკვეთრად დაეცა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო COVID-19-ის შედეგად შემცირებული მოთხოვნით და გლობალურ დონეზე, ნავთობის ფასის ვარდნით. ეს უკანასკნელი ძირითადად ეკონომიკური კრიზისის მოლოდინებს უკავშირდება, რადგან მთავრობები ცდილობენ სპეციალური შეზღუდვები აამოქმედონ ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად. მათივე განმარტებით, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სასურსათო ფასების ინდექსი, რომელიც ყოველთვიურად ასახავს ცვლილებებს ყველაზე ხშირად გაყიდვადი სასურსათო პროდუქტების საერთაშორისო ფასებზე, შეადგენდა 172.2 ქულას, რაც თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 4.3 პროცენტით ნაკლებია.

„ფასის კლება ძირითადად გამოწვეულია მოთხოვნის ფაქტორებით და არა მიწოდებით, ხოლო მოთხოვნის ფაქტორებზე გავლენას ახდენს არასახარბიელო მომავლის ეკონომიკური პროგნოზები“, – განაცხადა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის უფროსმა ეკონომისტმა, აბდოლრეზა აბასიანმა.

მისივე თქმით, FAO-ს შაქრის ფასის ინდექსმა ყველაზე დიდი ვარდნა აჩვენა – წინა თვესთან შედარებით მაჩვენებელი 19.1%-ით არის შემცირებული.

აღსანიშნავია, რომ FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი 12.0 პროცენტით შემცირდა ერთ თვეში, რაც ძირითადად განპირობებულია პალმის ზეთზე ფასის ვარდნით და ნედლ მინერალურ ნავთობზე ფასის სწრაფი კლებით; ასევე, გაურკვევლობით, თუ რა გავლენას მოახდენს პანდემია მცენარეული ზეთის ბაზარზე მსოფლიოს მასშტაბით; სოიოსა და კანოლის ზეთის ფასებიც ამ ტენდენციას მიჰყვება. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნულის საპირისპიროდ, ბრინჯზე საერთაშორისო ფასი უკვე მესამე თვეა თანმიმდევრულად იმატებს. FAO აქტიურ მონიტორინგს ახორციელებს ფასებზე და სასურსათო პროდუქციის ლოჯისტიკურ საკითხებზე და განსაკუთრებით აკვირდება განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, სადაც პანდემიამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაამწვავოს სურსათის მიწოდების პრობლემა.

FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი 0.6 პროცენტით დაეცა, რაც განპირობებული იყო ცხვრისა და წყვილჩლიქოსანი ცხოველის ხორცზე საერთაშორისო კვოტების ვარდნით. ამ ტიპის ხორცზე ექსპორტის ხელმისაწვდომობა მაღალია და ვაჭრობის სფეროს შესაძლებლობას მნიშვნელოვნად აზარალებს ლოჯისტიკური პრობლემები. თუმცა, მერყევი გლობალური მოთხოვნის ფონზე, გაიზარდა ღორის ხორცის კვოტები; ამავდროულად, გადამამუშავებელი საწარმოები მნიშვნელოვნად დაზარალდნენ მუშახელის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო“, – ნათქვამია კვლევაში.

FAO-ს 2020 წლის პროგნოზის თანახმად, მსოფლიოში ხორბლის წარმოების მაჩვენებელი წინა თვიდან არ შეცვლილა; ბოლო რეკორდული მაჩვენებელი გასულ წელს დაფიქსირდა, რაც დიდ მარაგებთან ერთად, სასურსათო ბაზრებს დაიცავს არეულობისგან კორონავირუსის შტორმის პერიოდში.

FAO-ს 2020 წლის პროგნოზი მსოფლიოში ხორბლის წარმოების შესახებ წინა თვიდან არ შეცვლილა და კვლავ 763 მილიონი ტონაა; არსებობს მოლოდინი, რომ ევროკავშირი, უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ნაკლებ პროდუქციას გამოუშვებს, მაგრამ ამის საკომპენსაციოდ, რუსეთის ფედერაცია, ინდოეთი და პაკისტანი გაზრდიან წარმოებას, თუმცა გადამფრენი კალიების ინვაზიამ შესაძლებელია შეაფერხოს მოსალოდნელი ზრდა. რაც შეეხება სიმინდს, მთავარ საკვებ მარცვლეულს, რეკორდულ მოსავალს მოელიან ბრაზილიასა და არგენტინაში, ხოლო სამხრეთ აფრიკაში სიმინდის მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება გასულ წელთან შედარებით, როცა დიდმა გვალვებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა მოსავალზე. სხვა ქვეყნებში, დათესვის შესახებ გადაწყვეტილებებზე შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სიმინდზე საერთაშორისო ფასების კლებამ.

FAO-ს 2019-2020 წლების პროგნოზი მარცვლეულის მოხმარებასთან დაკავშირებით, მცირედით გაიზარდა 2 722 მილიონ ტონამდე, რაც ნიშნავს წლიურ 1.2% ზრდას. მოელიან, რომ მსოფლიოში მარცვლეულის მარაგი 2020 წლის სეზონის ბოლოს სეზონის დაწყებასთან შედარებით, რვა მილიონი ტონით შემცირდება, რაც გლობალური მარცვლის მარაგი-მოხმარების თანაფარდობას 30.7 პროცენტზე დაიყვანს. ეს მაინც კომფორტულ დონედ ითვლება. პროგნოზის თანახმად, მსოფლიოში მარცვლეულის გაყიდვა 2.3 პროცენტით გაიზრდება წინა წელთან შედარებით და 420 მილიონ ტონას მიაღწევს“, – ნათქვამია FAO-ს კვლევაში.