შოთა ბერეკაშვილი - სამთავრობო კომისიის მიზანია, დეტალურად გავეცნოთ ბიზნესპროცესებს, რომ დავეხმაროთ საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციაში, რაც აისახება ფასებზე
შოთა ბერეკაშვილი - სამთავრობო კომისიის მიზანია, დეტალურად გავეცნოთ ბიზნესპროცესებს, რომ დავეხმაროთ საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციაში, რაც აისახება ფასებზე

დღეს იყო შეხვედრა სამთავრობო კომისიის ფარგლებში საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ეს იყო ბოლო შეხვედრა, შესაბამისად, პროცესი გადაინაცვლებს საპარლამენტო ფორმატში, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში საწვავის ფასებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში შეიქმნება ფასების შემსწავლელი კომისია და ეს კომისია შეისწავლის ფასებს საკვებ პროდუქტებზე, სწრაფი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე.

„ჩვენი მიზანია, რომ ამ კომისიის ფარგლებში შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს თითოეულ სექტორში, მოვუსმინოთ მათ, ასევე, ექსპერტებს. გვინდა, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ინკლუზიური, რაც შეიძლება საზოგადოების მეტი ნაწილი ჩაერთოს პროცესში. საბოლოო ჯამში, კომისიის მიზანია, რომ დეტალურად გავეცნოთ ბიზნესპროცესებს, რა საოპერაციო ხარჯებია ბიზნესში, რა პრობლემები აქვს ბიზნესს, რომ დავეხმაროთ, მაქსიმალურად ოპტიმიზაცია შეძლონ საოპერაციო ხარჯების, რაც შედეგობრივად აისახება სამომხმარებლო ფასებზე, კლების დინამიკაზე. მიგვაჩნია, რომ არსებობს რესურსი, თუ ბიზნესი, საზოგადოება, ექსპერტები, პარლამენტი ერთად მოვინდომებთ, რომ შევძლოთ ფასების შემცირება როგორც სამომხმარებლო პროდუქტებზე, ასევე სწრაფი მოხმარების საგნებზე, მედიკამენტებზე. ძალიან დადებითად ვართ განწყობილი აღნიშნული პროცესის მიმართ“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.