ეროვნული ბანკი - აგვისტოში წლიურ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით დიდწილად სურსათის ფასებმა იმოქმედა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 4.6% შეადგინა, ხოლო ივლისთან შედარებით ფასებმა 0.3%-ით მოიმატა. ეროვნული ბანკის განმარტებით, წლიურ ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით დიდწილად სურსათის ფასები მოქმედებს. კერძოდ, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ინფლაცია აგვისტოში 10.0% იყო, ხოლო წლიური ინფლაციის 4.6%-დან ამ ჯგუფზე 3.4 პროცენტული პუნქტი მოდიოდა.
„გასულ წელს სურსათი ძირითადად დეფლაციური იყო და, აქედან გამომდინარე, სურსათის გაძვირება ნაწილობრივ საბაზო ეფექტს უკავშირდება. საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულის ფასები წინა წელთან შედარებით მომატებულია, რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა. სურსათის ფასების ზრდას პურის ფასის ერთჯერადი გაძვირებაც განაპირობებს. ბოლოდროინდელი გაძვირების მიუხედავად, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით საწვავის ფასების წლიური გაიაფება მოქმედებს, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ტენდენციის ასახვაა. ამავდროულად, აგვსიტოში ინტერნეტის გადასახდელის დეფლაციური ეფექტი სრულად ამოიწურა და დამატებით გაძვირდა, რამაც წლიური ინფლაცია კიდევ უფრო გაზარდა“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
როგორც ცენტრალური ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, აგვისტოში, გასულ თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში ყველაზე გამოსარჩევი კარტოფილის 19.9%-ით გაიაფებაა, რის გამოც თვის ინფლაცია 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა. კარტოფილი წინა თვეებში მნიშვნელოვნად გაძვირებული იყო და ამ გაიაფებით განვლილი პერიოდის ტრენდს ძირითადად დაუბრუნდა. ამასთან, სებ-ში აცხადებენ, რომ აღსანიშნავია იმერული ყველის და ბენზინის გაძვირება, რამაც თვის ინფლაცია 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა.
„წლიურ ჭრილში, როგორც აღინიშნა, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის გაძვირება მოქმედებდა. სურსათი გასულ წლის აგვისტოსთან შედარებით 10.0%-ით გაძვირდა. საკუთრივ სურსათის წვლილი ინფლაციაში 3.1 პპ-ს შეადგენდა, ხოლო აქედან პურის, ყველის, ზეთის, შოკოლადისა და კარტოფილის გაძვირებაზე, ჯამში, 1.8 პპ მოდიოდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის 9.3%-იანი ინფლაცია, რამაც მთლიან ინფლაციაში 0.7 პპ-იანი წვლილი შეიტანა. ინფლაციის შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად, 0.3 პპ-ით, საწვავის გაიაფება მოქმედებდა“, – წერია სებ-ის ანგარიშში.
რაც შეეხება ადგილობრივად წარმოებულ პროდუქტებს, წლიურმა ინფლაციამ 6.6% შეადგინა.
„ადგილობრივი ინფლაციის ზრდას დიდწილად პურისა და ყველის ფასების ზრდა განაპირობებს. მომსახურების ინფლაციამ, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, აგვისტოში 4.2%-მდე მოიმატა (ივლისში 3.0% იყო), რისი ძირითადი მიზეზიც ინტერნეტის გადასახადის დეფლაციური ეფექტის სრულად ამოწურვაა. შერეულად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია 6.3% იყო. აქ ყველაზე დიდი წვლილი ზეთს, კარტოფილსა და შოკოლადს აქვს. იმპორტირებული ინფლაცია, ყველაზე მეტად საწვავის ფასების გავლენით, კვლავ დეფლაციურია და -0.8%-ს შეადგენს“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.