გადაუფრინეთ მარსის უზარმაზარ, ყინულით სავსე კრატერს — ახალი ვიდეო #1TVმეცნიერება
12:10, 06.07.2020
ადამიანებს ძალიან გვიყვარს სხვა პლანეტებზე გადაფრენისას გადაღებული ვიდეოების ყურება. როგორც წესი, ეს განსაცვიფრებელი ვიდეოები შექმნილია ამ პლანეტების ორბიტაზე მოძრავ თანამგზავრთა მიერ გადაღებული ფოტოებისგან და გვიჩენს შეგრძნებას, თითქოს იქ თვითმფრინავიდან ვიყურებით.
ამ სახის უახლესი ვიდეო ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდ „მარს ექსპრესის“ მიერ არის გადაღებული და მარსის თვალისმომჭრელ კრატერთა განსაცვიფრებელ კადრებს გვთავაზობს.
ვიდეო შექმნილია „მარს ექსპრესის“ მაღალი რეზოლუციის კამერის (HRSC) მიერ გადაღებული ფოტოებისგან.
როგორც წესი, ეს ხომალდები ფოტოებს ზედხედით იღებენ და ტოპოგრაფიული ინფორმაციის კომბინირებით მიღებულია ლანდშაფტის სამგანზომილებიანი ხედები, რომლებიც სხვადასხვა ხედით ჩაიწერეს, კინოკამერის მსგავსად.
კოროლიოვის კრატერის დიამეტრი 82 კილომეტრია და სიღრმეში სულ მცირე 2 კმ. ეს კარგად შენახული კრატერი მდებარეობს მარსის ჩრდილოეთ დაბლობებზე, პლანეტის ჩრდილოეთ პოლარული ქუდის გარშემო არსებული დიუნებიანი ლანდშაფტის სამხრეთით.
ის, რასაც ხედავთ, თოვლი არ არის; კრატერი მუდმივად ივსება წყლის ყინულით და მისი ცენტრალური ნაწილი მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით 1,8 კმ სისქისაა. ეს მარსის არაპოლარული ყინულის ერთ-ერთი უდიდესი რეზერვუარია.
ალბათ გაინტერესებთ, როგორ რჩება კოროლიოვის კრატერში ყინული ასე სტაბილური, რატომ არ ორთქლდება ის მარსის ატმოსფეროში?
ისევე როგორც მშრალი ყინული აქ, დედამიწაზე, წყლის ყინული მარსზე, დაბალი ატმოსფერული წნევის გარემოში, მყარი მდგომარეობიდან პირდაპირ აირადში გადადის (სუბლიმაცია).
ყინულის სტაბილურობაზე გავლენას ახდენს ტემპერატურაც. კოროლიოვის კრატერში წყლის ყინული მუდმივად სტაბილურია იმიტომ, რომ ამ დეპრესიის უღრმესი ნაწილი ბუნებრივი ცივი ტრაპივით მოქმედებს.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მეცნიერთა განმარტებით, ყინულის თავზე ჰაერი ცივდება და შესაბამისად, მიმდებარე ჰაერზე უფრო მძიმეა. გამომდინარე იქიდან, რომ ჰაერი ცუდი თბოგამტარია, წყლის ყინულის გროვა კარგად არის დაცული გათბობისა და სუბლიმაციისგან.
კრატერს სახელი საბჭოთა სარაკეტო ინჟინრის, სერგეი კოროლიოვის (1907-1966) პატივსაცემად ეწოდა. სწორედ მან შექმნა პირველი საბჭოთა კონტინენტთშორისი რაკეტა R7, თანამედროვე რაკეტა „სოიუზის“ წინაპარი.
კოროლიოვი იყო პასუხისმგებელი პირველ ხელოვნურ თანამგზავრზე (სპუტკინი, 1957 წ.) და ადამიანის პირველ კოსმოსურ ფრენაზე (იური გაგარინი 1961 წელს).