გადაცემა „ფარული კონვერტის“ პროდიუსერი მომღერალ ირაკლი ნოზაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამებას უწოდებს
გადაცემა „ფარული კონვერტის“ ერთ-ერთი პროდიუსერი ეკა გვახარია უარყოფს „ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში მისი გამოჩენის შემდეგ, გადაცემაში მოგებული თანხა არ გადაუხადეს და უთხრეს, ფული ზურაბიშვილმა გადაგიხადოსო. „ფეისბუქში“ ირაკლი ნოზაძე აღნიშნავს, რომ ამის შესახებ პროდიუსერმა სახელად ეკა განუცხადა.
„მე მასთან ტელეფონზე არცერთხელ არ მისაუბრია, ჩვენგან არანაირი მსგავსი ზარი არ განხორციელებულა. გადაცემა ჩვეულებრივად იგეგმებოდა, უნდა გასულიყო ეთერში, ირაკლი ნოზაძის გარდა არჩევნების გამო კიდევ ოთხი გადაცემა ვერ გავიდა ეთერში, ყველა ელოდება ეთერში გასვლას. მსგავსი საუბარი – სალომე გადაგიხდით ფულსო, არ ყოფილა, სასაცილოა, არხს ასეთი პოზიცია არ ქონია. სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კლიპში გიორგი გურგულიაც იყო და თემურ თათარაშვილიც და მანამდე იყვნენ ჩვენთან სტუმრად.
რაც შეეხება თანხის გადახდის საკითხს, აბსოლუტურად ტყუილია ირაკლი ნოზაძის განცხადება. მართლა მინდა გავარკვიო, რა ნომრიდან დაურეკეს, ვინ დაურეკა, რადგანაც მე არ დამირეკავს, არც ჩვენგან არავის. ეს არის ცილისწამება. მარტივად შეიძლება იმის გარკვევა, მე დავრეკე თუ არა“, – ამბობს ეკა გვახარია.
ირაკლი ნოზაძემ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში მონაწილეობის გამო, „რუსთავი 2“-მა გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მოგებული თანხის გადახდაზე უარი უთხრა.