„გაბედეს“ წევრები აცხადებენ, რომ ბათუმში დაუდგენელმა პირებმა დაარბიეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისი, რომლითაც ისინი სარგებლობენ
გუშინ, დაახლოებით 18:00 საათისთვის ბათუმში დაუდგენელმა პირებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისი დაარბიეს, რომლითაც ამჟამად მოძრაობა „გაბედეს“ წევრები სარგებლობენ. მათი განმარტებით, დარბევა მაშინ მოხდა, როდესაც მოძრაობის წევრები ოფისში არ იმყოფებოდნენ.
„გაბედეს“ წევრების ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა ჩამოხიეს ბანერები და დააზიანეს დროშები. მოძრაობა „გაბედეს“ წევრის, დიმიტრი ლიპარტელიანის განცხადებით, სავარაუდო დამნაშავეები შენობაში ფანჯრიდან შევიდნენ.
მოძრაობის წევრები ვარაუდობენ, რომ ოფისის დარბევის ფაქტი პოლიტიკურად მოტივირებულია.
„გაბედეს“ წევრებს სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავთ, რადგან აცხადებენ, რომ მათ არანაირი რეაგირება არ აქვთ ხოლმე მსგავს ფაქტებზე.