ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გამოსცა
ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გამოსცა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე.

როგორც საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ ქალის ყოფილი მეუღლე, მოძალადედ მიიჩნია და მსხვერპლთან, მათ შორის მის სამსახურთან 2 მეტრის რადიუსით მიახლოება აუკრძალა.

“მოძალადეს, ასევე აეკრძალა, მსხვერპლთან ნებისმიერი სახით ურთიერთობა, მათ შორის სატელეკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოფილი ქმარი ფსიქოლოგიურად ძალადობდა ქალზე, რის გამოც ეს უკანასკნელი განიცდიდა მუდმივ შიშს. სასამართლომ, 6 თვის ვადით გამოსცა დამცავი ორდერი, რომლითაც ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიება განისაზღვრა. დამცავი ორდერი ოჯახში ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმია.

მოძალადის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა, იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც. მიმდინარე წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით 171-მა განმცხადებელმა მომართა; გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე სასამართლოსთვის მომართვიანობამ 16,3%-ით იმატა”, – აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.