ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და გზა 5 ივნისს გაიხსნება, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ახმეტის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, ვაჟა ნასყიდაშვილმა.
მისი თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ სპეციალისტები და გეოლოგები.
„მათ მიერ გარემოს დაკვირვებისა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გაცემული რეკომენდაციის შემდეგ, მძიმე ტექნიკამ მუშაობა განაახლა და სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა“, – განაცხადა ნასყიდაშვილმა.
თუშეთში განთავსებული კერძო საოჯახო სასტუმროების მფლობელები ამბობენ, რომ გზის დროული გახსნა მნიშვნელოვანია, თუმცა ფიქრობენ, რომ წელს თუშეთი აქტიური ტურისტულ სეზონი არ იქნება.
„შარშან ამ დროს უკვე ტურისტებს დაჯავშნილი ქონდათ სასტუმრო და ზოგს, თავისუფალი ადგილის არქონის გამო, უარსაც კი ვეუბნებოდით, იმდენი ტურისტი იყო. წელს ძირითადად შიდა ტურიზმის იმედზე ვრჩებით. ალბათ, იქნებიან ვიზიტორები, მაგრამ არც რაოდენობა და არც შემოსავალი არ იქნება იმდენი, რაც უცხოელი ტურისტების სტუმრობის შემთხვევაში გვქონდა. ჩემი სასტუმროს მაგალითზე გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ჯერ არც ერთი ჯავშანი არ გვაქვს“, – ამბობს სოფელ ომალოში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელი გელა ბახტურიძე.
ახმეტის მერიის ცნობით, თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის გახსნის შემდეგ, ზაფხულის პერიოდში სასაზღვრო დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი, თვეში მხოლოდ ერთ რეისს შეასრულებს. ის საქართველო-რუსეთის ომალოს სასაზღვრო სექტორზე მომსახურე მესაზღვრეებს გადაიყვანს. ვერტმფრენი ზამთრის სეზონზე თუშეთში კვირაში ერთხელ რეგულარულ რეისებს ასრულებდა და მოსახლეობისთვის გადაადგილების ერთადერთი საშუალება იყო.