ფრიდონ ინჯია - საკრებულოს ოპოზიცია წარმატებულ პროექტებს მხარში უნდა ამოვუდგეთ
თბილისის ახალი საკრებულოს უხუცესმა წევრმა ფრიდონ ინჯიამ, რომელმაც პირველი სხდომა გახსნა, განაცხადა, რომ ოპოზიციამ წარმატებულ პროექტებს მხარი უნდა დაუჭიროს და ამასთანავე, მმართველმა პარტიამაც გაითვალისწინოს ოპოზიციის მოსაზრებები.
„მე ვარ უხუცესი ამ სხდომაზე, მაგრამ ეს რეგალია მექნება ოთხი წლის განმავლობაში. არ მგონია, ვინმე დამეწიოს ან გამასწროს, რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, რა ჩავიცვა და ბოლოს მაინც ჩოხა გადავწყვიტე, იმიტომ, რომ ჩოხა ქართველი კაცისთვის სულ სხვა რამეა. ჩემი კოლეგები გახლავთ ჩემი შვილების ტოლი ახალგაზრდები და ასევე, საშუალო თაობა, წარმატებული პიროვნებები, რომლებიც აირჩია თბილისის მოსახლეობამ. მიუხედავად ჩემი პარტიულობისა, მიგულეთ თქვენს გვერდით ყველა იმ წამოწყებაში, რომელიც მიმართული იქნება თბილისელების საკეთილდღეოდ. ამასთანავე, გაძლებთ პირობას, არ შევეგუები არცერთ გადაწყვეტილებას, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს თბილისს და მის მოსახლეობას. ჩვენ რწმენას, სიტყვას და ქართველი კაცის მეობას, ჩვენ შორის ურთიერთობები უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას. მე, როგორც უხუცესი, ვეცდები ამას ყოველმხრივ.
მადლობა მინდა ვუთხრა ამომრჩეველს, რომ მათ შესაძლებლობა მოგვცეს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც დღეს მართლაც ბევრია თბილისში – ეკოლოგიური, სოციალური პრობლემები და სხვა. მინდა და ვისურვებდი, ქალაქს ჰყავდეს პატრონი, მმართველმა პარტიამ მინდა შეწყვიტოს მუდმივად ჯიბრში დგომა ოპოზიციასთან და წინადადებების მხოლოდ იმიტომ იგნორირება, რომ ეს წინადადება ოპოზიციისგან მოდის. ოპოზიციის წარმომადგენლები მუდმივად ჩასაფრებულის პოზიციიდან არ უნდა გამოდიოდნენ, ერთად ვიბრძოლოთ თბილისის საკეთილდღეოდ, თუ საკითხი მომგებიანი იქნება თბილისისთვის და საქართველოსთვის. ოპოზიციამ არ უნდა მივცეთ უფლება საკუთარ თავს, ვეთამაშოთ საკუთარ ხალხს და უარი ვთქვათ მათ კეთილდღეობაზე. ჩვენ წარმატებულ პროექტებს მხარში უნდა ამოვუდგეთ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
ფრიდონ ინჯია დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში „პატრიოტთა ალიანსიდან“ მოხვდა.