„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 100-დან 60 ქულა აქვს და ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება
საერთაშორისო ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსი (Freedom House) ყოველწლიურ ანგარიშს „თავისუფლება მსოფლიოში 2021“ აქვეყნებს, რომელიც მსოფლიოს 195 ქვეყანაში პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებას ასახავს.
ანგარიშში საქართველოს 100-დან 60 ქულა აქვს და კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების რიცხვში რჩება.
„საქართველო ატარებს რეგულარულ და კონკურენტულ არჩევნებს. მისი დემოკრატიის ტრაექტორიამ 2012-2013 წლებში გაუმჯობესების ნიშნები აჩვენა, მაგრამ ბოლო წლებში ის უკუსვლას განიცდის. ოლიგარქიული გავლენები ზემოქმედებას ახდენს ქვეყნის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, მედიაგარემოზე, ხოლო პოლიტიზებულობა ძირს უთხრის კანონის უზენაესობას, სამოქალაქო თავისუფლებები კი არათანმიმდევრულად არის დაცული“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში 2020 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის აღნიშნულია ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები.
„ივნისში პარლამენტმა ახალი შერეული საარჩევნო სისტემა დანერგა, რომელიც შემოდგომაზე ჩატარებული არჩევნების დროს განხორციელდა. ახალი სისტემის მიხედვით, ადგილების უმეტესობას შეადგენს პროპორციული წარმომადგენლობა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ ოქტომბრისა და ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მესამე ვადით გაიმარჯვა, თუმცა საარჩევნო რბოლას ზიანი მიაყენა ხმების მოსყიდვამ, ძალადობის შემთხვევებმა და მონაცემებში აშკარა შეცდომების ფაქტებმა, რამაც ნოემბერში ჩატარებულ მეორე ტურში ოპოზიციის ბოიკოტი განაპირობა. ამ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 26 პროცენტი შეადგინა, რაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია“, – აღნიშნულია „ფრიდომ ჰაუსის“ მოხსენებაში.