„ფრიდომ ჰაუსი“ - საქართველოს მთავრობამ პანდემიის წინააღმდეგ მკაცრი, თუმცა გამჭვირვალე ზომების მიღებით, მოსახლეობაში მაღალი შეფასება დაიმსახურა
არასამთავრობო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსმა“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც თავისუფლებისთვის გლობალურ ბრძოლაში, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავლენაზეა საუბარი.
„დემოკრატია კარანტინში“ ასე ჰქვია კვლევას, რომელშიც მიმდინარე წლის დასაწყისიდან სექტემბრამდე პერიოდში 192 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაა შესწავლილი. ანგარიშის თანახმად, პანდემიის გავრცელების შემდეგ, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობა 80 ქვეყანაში გაუარესდა. რაც ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, კრიტიკოსების გაჩუმებაში, მნიშვნელოვანი ინსტიტუტების დასუსტებასა ან დახურვაში აისახება.
ანგარიშში, საქართველო იმ 111 ქვეყანას შორის ფიგურირებს, სადაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა პანდემიის შემდეგ არ შეცვლილა.
„საქართველოში, რომელიც ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება, მთავრობამ მოსახლეობას შორის მაღალი შეფასება დაიმსახურა პანდემიის წინააღმდეგ მკაცრი, თუმცა გამჭვირვალე ზომების მიღებით. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს გლობალურად, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის პოპულარობა ოქტომბრის არჩევნების წინ. ეს შემთხვევები არის შეხსენება, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გადადგას ნაბიჯები ჯანდაცვის რისკების სამართავად და ამავდროულად დაიცვას ადამიანის უფლებები“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების სამზადისში საერთაშორისო ჩართულობა, შესაძლოა შეფასდეს პოზიტიურ მაგალითად ამაზე ამახვილებენ ყურადღებას გამოკითხვის მონაწილეები.
ანგარიშში მოცემულია დემოკრატიის ოთხ მთავარ გამოწვევა კორონავირუსის პანდემიის ეპოქაში. მათ შორის მმართველობის გაუმჭვირვალობა და კორონავირუსზე ინფორმაციის დეფიციტი, კორუფცია, საზოგადოების მოწყვლადი კატეგორიის ნაწილის დაცვის ნაკლებობა და მთავრობათა მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.
რაც შეეხება თავისუფლების ინდექსს, „ფრიდომ ჰაუსმა“ 2020 წლის ანგარიში – „თავისუფლება მსოფლიოში“ მიმდინარე წლის მარტში გამოაქვეყნა. 2020 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის მოხვდა. კერძოდ, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს 100-დან 61 ქულა აქვს მინიჭებული.