Freedom House - საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში, გარდა ბალტიის ქვეყნებისა, ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყანად რჩება
Freedom House-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს ძლიერი ანტიკორუფციული კანონმდებლობა, თუმცა როგორც წინა წლებში, კანონის აღსრულება 2017 წელსაც ხშირად პრობლემური იყო უმეტესად სასამართლოს, ასევე პროკურორის ოფისის და კანონის აღსრულების სააგენტოებში დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის ნაკლებობის გამო.
მიუხედავად ამისა, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში, გარდა ბალტიის ქვეყნებისა, ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყანად რჩება.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წელს, რამდენიმე სადავო შემთხვევამ გააჩინა ეჭვები სახელმწიფო ორგანოებზე ივანიშვილის გავლენის შესახებ.
კვლევაში ნახსენებია, რომ ოქტომბერში, თბილისის მერიამ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას სიმბოლურად 1 ლარად გადასცა 19000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი. ეს შეთანხმება იყო ნაწილი „პანარომა თბილისის“.
ანგარიშში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს ადგილობრივმა უფლებადამცველებმა და ოპოზიციამ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ანტიკორუფციული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობა ოდნავ შემცირდა. ანგარიშში მოყვანილია ივნისში NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ კორუფციის წინააღდეგ მთავრობის ბრძოლის მიმართ ნდობა 2015 წელთან შედარებით 6 პროცენტით შემცირდა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობას ხშირად ადანაშაულებდნენ კორუფციის სხვადასხვა ფორმებში, მათ შორის ნეპოტიზმსა და ფავორიტიზმში.
„თუმცა, ნეპოტიზმის ინდივიდუალური შემთხვევები არ აფერმკრთალებს საქართველოს საერთო ჯამში პოზიტიურ იმიჯს , როგორც ანტიკორუფციული წარმატების ისტორიას”, – ნათქვამია ანგარიშში.