კახა ბექაური - „ფრიდომ ჰაუსმა“ მედიაში არსებული რეალობა არარეალურად აღწერა
კახა ბექაური - „ფრიდომ ჰაუსმა“ მედიაში არსებული რეალობა არარეალურად აღწერა

ძალიან ცუდი და სამწუხაროა, რომ „ფრიდომ ჰაუსმა“ მათ შორის, მედია გარემოსთან დაკავშირებით რეალობა არარეალურად აღწერა, – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„იქ სხვა თემებიც იყო, მაგრამ ეს ჩვენი საუბრის თემა არ არის. მესმის, რომ ეს გამოწვეულია იმ საინფორმაციო წყაროთი, შეიძლება, რამდენიმე არასამთავრობოთი, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ, „ფრიდომ ჰაუსისთვის“ ტყუილი ეთქვათ იმ მედიაგარემოს შესახებ, რომელიც დღეს რეალურად არსებობს და რომელიც ასეთი ლიბერალურია. მაგრამ იმედია, „ფრიდომ ჰაუსი“ დაფიქრდება და კითხვებს დასვამს, ეს დასკვნა არარეალური რატომ არის“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

მისი თქმით, ანგარიშში ძალიან დიდი ცდომილებებია, მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით.

„იქ თქვენზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირდაპირ, შავით თეთრზე წერია, რომ შეწყვეტილია პარლამენტის სხდომების ტრანსლაცია, რაც ფაქტობრივი შეცდომაა და „ფრიდომ ჰაუსს“ არ ეპატიება“, – განაცხადა კახა ბექაურმა.