Freedom House-ის კვლევაში საქართველო თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა
Freedom House-ის კვლევაში საქართველო თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მოხვდა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა ინტერნეტის თავისუფლების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. რეიტინგში ქვეყნები 100-ქულიანი სისტემით ფასდება, სადაც 100 ქულა სრულიად არათავისუფალს, ხოლო 0 ქულა სრულიად თავისუფალს ნიშნავს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნად დასახელდა და მას 25 ქულა აქვს მინიჭებული. კვლევაში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების დონის კლება შეინიშნებოდა, რადგან გასული წლის ანგარიშში საქართველოს 24 ქულა ჰქონდა მინიჭებული.

2018 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველო ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით რეგიონში ლიდერია.

კვლევა აჩვენებს, რომ ინტერნეტი ყველაზე თავისუფალია ისლანდიაში (ექვსი ქულა), ესტონეთსა (ექვსი ქულა) და კანადაში (15 ქულა). ინტერნეტის თავისუფლების მიხედვით ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ჩინეთში (88 ქულა), ირანსა (85 ქულა) და ეთიოპიაში (83 ქულა).

საქართველოს მსგავსად, 25 ქულა აქვს მინიჭებული ასევე საფრანგეთს, იტალიას, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და იაპონიას. დიდი ბრიტანეთი 23 ქულას ფლობს, აშშ – 22 ქულას, ავსტრალია – 21 ქულას, გერმანია – 19 ქულას.

საერთაშორისო ორგანიზაციამ 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის მაისამდე პერიოდში ინტერნეტის თავისუფლების ხარისხის მიხედვით 65 ქვეყანა შეისწავლა, რომლებშიც მსოფლიოს ინტერნეტმომხმარებელთა 87 პროცენტი ცხოვრობს. 2018 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 65 ქვეყნიდან ინტერნეტის თავისუფლების დონის კლება 26-ში დაფიქსირდა, რეიტინგში საკუთარი პოზიცია კი 19-მა ქვეყანამ გაიუმჯობესა. ინტერნეტის თავისუფლების ხარისხის ყველაზე დიდი კლება ეგვიპტესა და შრი-ლანკაში დაფიქსირდა.

„ინტერნეტში გავრცელებულმა დეზინფორმაციამ და პროპაგანდამ მოწამლეს საზოგადოებრივი სფერო. პერსონალური მონაცემების შეგროვებამ გაანადგურა კონფიდენციალობის ტრადიციული ცნება. მთელი ჯგუფი ქვეყნებისა ციფრული ავტორიზაციის გზას დაადგა, ჩინეთის ფართო ცენზურისა და ავტომატური სათვალთვალო სისტემების მოდელის გათვალისწინებით. ამ ტენდენციების შედეგად, გლობალური ინტერნეტის თავისუფლების დონე მერვე წელია, იკლებს“, -აღნიშნულია Freedom House-ის ანგარიშში.

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, მიმდინარე წლის მოვლენებმა დაადასტურა, რომ ინტერნეტის გამოყენება შესაძლებელია როგორც დემოკრატიების შესარყევად, ისე დიქტატურების დესტაბილიზაციისთვის.