Freedom House - „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაცია 2016 წელს დაასრულა და უფრო მონოლითური გახდა
Freedom House - „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაცია 2016 წელს დაასრულა და უფრო მონოლითური გახდა

2012 შემდეგ საქართველოს ისტორიაში პირველად პლურალისტური ეროვნული მმართველობის სწრაფი პერიოდი დაიწყო, თუმცა ჩანს, რომ დომინანტური პარტიული პოლიტიკა დაბრუნდა, რასაც პოლიტიკური რისკები ახლავს თან. ამის შესახებ ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებს ეძღვნება.

ანგარიშის თანახმად, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ძალაუფლების კონსოლიდაცია 2016 წელს დაასრულა და უფრო მონოლითური გახდა, რისი მიზეზიც მმართველი კოალიციიდან რამდენიმე ლიბერალური პარტიის გასვლა იყო.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2017 წელს მთავარი პოლიტიკური მოვლენა კონსტიტუციური შესწორებები იყო, რომელმაც საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის პროცესი დაასრულა და ძალაუფლების შტოებს შორის ახალი დინამიკა შექმნა. ადგილობრივმა არჩევნებმა კი აჩვენა მმართველი პარტიის დომინანტური როლი და ოპოზიციის ფრაგმენტაცია.

მოხსენებაში წერია, რომ ძალაუფლების კონსოლიდაციის უარყოფითი გვერდითი ეფექტი 2017 წელს გამოჩნდა.

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები საერთაშორისო საზოგადოებასთან კონსულტაციებით, თუმცა საკუთარი ჩართულობით განახორციელა და იგნორირება გაუკეთა ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და პრეზიდენტის ოფისის. ოპოზიციასთან შეთანხმების რამდენიმე მცდელობა ჩავარდა და რეფორმის ბოლო ეტაპზე, მმართველმა პარტიამ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობით მიმდინარე ინტერპარტიული მოლაპარაკებები დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ ასევე უარყო პრეზიდენტისა და 20 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც მმართველი პარტიის თავდაპირველ კანონპროექტთან ახლოს იყო და დაძლია პრეზიდენტის ვეტო ჩასწორების გაუთვალისწინებლად.

Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებებმა რიგი მნიშვნელოვანი ფუნქციების ჩამორთმევით პრეზიდენტის ინსტიტუტი დაასუსტა და არაპირდაპირი წესით არჩევის წესი წარადგინა.

ცვლილებები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასაც ითვალისწინებს, რომელიც ძალაში 2014 წლიდან შედის. სხვა ცვლილებებს შორის, კონსტიტუციურმა ცვლილებებმა ქორწინება „ქალისა და მამაკაცის კავშირად“ განსაზღვრა, კიდევ უფრო გააუცხოვა ლგბტ საზოგადოება, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობის კონსერვატიული ნაწილის მხარდაჭერა შენარჩუნდა.

მოხსენების მიხედვით, ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო რეფორმის ბოლო ეტაპზე დადებით დასკვნა დაწერა, თუმცა გააკრიტიკა დიალოგში ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ნაკლებობა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ოპოზიციური პარტიების სისუსტე მმართველ პარტიას სერიოზულ გამოწვევას ვერ უჩენს, თუმც აპოლიტიკური ლანდშაფტი გაამდიდრა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურებისა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი ჯგუფების გამოჩენამ. მთავარი ჯგუფად პარტია „ევროპული საქართველოა“ დასახელებული, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებზე 10 პროცენტი დააგროვა, პარტიის ფორმირება კი იმ დეპუტატებმა მოახდინეს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯერ კიდევ არსებულ გავლენას აუჯანყდნენ.

დემოკრატიული მმართველობის პუნქტში ცალკეა მოყვანილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისა და მმართველი პარტიის დაპირისპირება.

ანგარიშის მიხედვით, პრეზიდენტმა მმართველი პარტიის რამდენიმე საკანონმდებლო კანონპროექტს ვეტო დაადო, მათ შორისაა სასამართლოს რეფორმის მესამე პაკეტი, ადგილობრივი თვითმმართველობის, საარჩევნო და საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტები.

ანგარიშის თანახმად, ამ ინიციატივების დიდ ნაწილში პრეზიდენტს შემოთავაზებული კანონპროექტების ეფექტურობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ხარისხის გაზრდა სურდა. ვეტოს ძალაუფლების გამოყენებამდე კი პრეზიდენტი კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოებასთან და საერთაშორისო საზოგადოების მნიშვნელოვან წარმომადგენლებთან გადიოდა. მმართველმა პარტიამ კი ვეტოები დიდი განხილვების გარეშე დაძლია და კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკის მიმართ სურვილის არქონა აჩვენა. ანგარიშში საქართველოს დემოკრატიული ფუნქციონირების მთავარ დაბრკოლებად არაფორმალური მმართველობაა დასახელებული.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ მილიარდერი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების შიგნით გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენას ახდენს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 59% მიიჩნევს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებაზე ივანიშვილი ჯერ კიდევ გავლენას ახდენს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არაფორმალური მმართველობა ივანიშვილით არ იწყება და ეს დიდი ხნის განმავლობაში ქართული პოლიტიკური სისტემის შემადგენელი ნაწილია“ – ნათქვამია Freedom House-ის ანგარიშში.

მოხსენების მიხედვით, საერთაშორისო არენაზე საქართველომ რამდენიმე გარღვევა მოახდინა, განსაკუთრებით ეს ეხება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას. რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ვითარება უცვლელია, რამდენიმე ასპექტში კი გაუარესდა. რუსეთი აგრძელებს დე ფაქტო საზღვრებზე ღობეების გავლების პროცესს, რაც ზღუდავს ხალხთაშორის კონტაქტებს და აზარალებს შერიგებაზე დაფუძნებულ კონფლიქტის დარეგულირებას.

რეინტეგრაციის იდეის მიმართ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობის სკეპტიციზმი, თან ერთვის რუსეთის მცდელობებს, რომ შერიგების პროცესი გართულდეს, ეს ყველაფერი კი კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებს არახარბიელო მდგომარეობაში აყენებს.