Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. მას 100-დან 64 ქულა აქვს მინიჭებული. ეს მაჩვენებელი საქართველოსთვის ბოლო სამი წელია უცვლელია.
ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, საქართველოს შვიდიდან სამი ქულა აქვს მინიჭებულია (1 ქულა – უფრო მეტად თავისუფალი, 7 ქულა – ყველაზე ნაკლები).
„მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა საკონსტიტუციო შესწორებები, რაც მისი მფარველი მილიარდერის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოს გახდის, რომ გატეხილი ოპოზიცია მომავალ არჩევნებზე ეფექტიანი წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს და პოტენციურად გაამყარებს პარტიის მხრიდან კონტროლს მომავალ წლებში“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ევრაზიის რეგიონში დემოკრატიისთვის ყველაზე შემაშფოთებელ საფრთხეს წარმოადგენს ის, რომ ავტორიტარულ ძალებს შეუძლიათ ოპონენტების დასჯა საზღვრებს გარეთაც.
„დევნილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტრალი თბილისში გაიტაცეს მამაკაცებმა, რომლებიც თითქოსდა ქართულად საუბრობდნენ, შემდეგ გადაიყვანეს ის აზერბაიჯანის საზღვარზე, რამაც გამოიწვია შეშფოთება, რომ საქართველოს ხელისუფლება იყო გატაცების თანამონაწილე“, – ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება არათავისუფალია და 10 ქულით ფასდება, აფხაზეთი კი, ნახევრად თავისუფალად და 41 ქულით. ამასთან, ანგარიშში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ფიფქით არის მონიშნული, რაც ნიშნავს, რომ ორივე მათგანს Freedom House ტერიტორიად და არა ცალკე ქვეყნებად მიიჩნევს.