ფრანკფურტში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გამო 16 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ფრანკფურტში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გამო 16 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, 500 კილოგრამიანი ბომბი ევროპის ცენტრალურ ბანკთან ახლოს აღმოაჩინეს. სახიფათო ზონაში აღმოჩნდა ახლომდებარე საავადმყოფო, რომლის პაციენტებიც ქალაქის სხვა სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს. დაიხურა ზოოპარკი და ახლომდებარე ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება დროებით აიკრძალა. ამჟამად ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.
„დოიჩე ველეს“ ცნობით, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ბომბს სამშენებლო სამუშაოების ჩატარების დროს, ევროპის ცენტრალურ ბანკთან ახლოს მიაგნეს.
ბოლოს მსგავსი შემთხვევა გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში 2017 წელს მოხდა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 1,8 ტონიანი ბომბის აღმოჩენის გამო 65 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. აღნიშნული შემთხვევა გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია იყო.