ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე თბილისისადმი მიძღვნილი „მაგნუმის“ ფოტოგამოფენა გაიხსნა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს პავილიონში თბილისისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა – „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნა, სადაც 1947 წლიდან 2018 წლამდე შექმნილი ის ნამუშევრებია წარმოდგენილი, რომლებიც უცხოელმა ფოტოგრაფებმა თბილისში მოგზაურობისას გადაიღეს.
ექსპოზიცია 71-წლიან პერიოდს მოიცავს და იწყება ფოტოებით, რომელიც რობერტ კაპამ, 1947 წელს, ჯონ სტეინბეკთან თბილისში მოგზაურობისას გადაიღო. სწორედ ამ წელს დაარსდა სააგენტო „მაგნუმ ფოტოს“. გამოფენას ასრულებს მარტინ პარის მიერ 2018 წელს შექმნილი ნამუშევრები.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დაათვალიერა. მან მადლობა გადაუხადა სააგენტო „მაგნუმ ფოტოს“ აღნიშნული ექსპოზიციის თბილისისთვის გადმოცემისთვის.
„ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რაც დღეს აქ ვნახე. მეამაყება, რომ დავიბადე საქართველოში და ვარ ქართველი. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა საუკეთესო პლატფორმაა იმისათვის, რომ მთელ მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი მრავალფეროვანი კულტურა, ჩვენი ისტორია, რითიც თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ. ქართული ანბანით ჩვენ შეგვიძლია მთელ მსოფლიოს მოვუთხროთ ჩვენი ისტორია, ვუამბოთ, ვინ და რანი ვართ ქართველები, რამხელა კულტურის მატარებლები ვართ. ახლა ვიმყოფებით „მაგნუმის“ გამოფენაზე, სადაც წარმოდგენილია ლეგენდარული ფოტოგრაფების ნამუშევრები, 1947 წლიდან 2018 წლის ჩათვლით. შეიძლება ითქვას, ფოტოებით არის გადმოცემული ჩვენი დედაქალაქის ისტორია. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ჩამოვა თბილისში, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო „მაგნუმ ფოტოს“. საქართველოს მოსახლეობას და ჩვენს სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, ეს ექსპოზიცია იხილონ თბილისში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც საპატიო სტუმრის პავილიონი რამდენიმე საათის წინ გაიხსნა. პავილიონი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფედერიკა მოგერინიმ ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად გახსნეს.
ქართული პროგრამა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე კონცეფციით – Georgia Made by Characters – „ანბანით მოთხრობილი საქართველო“ წარდგა, რომელიც ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და დამწერლობას, მეორე მხრივ კი ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება.
კვირეულის ფარგლებში, პავილიონში, საქართველოს ეროვნულ და თემატურ სტენდებზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართება.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.