ფრანგული მედია - საქართველო და მისი დასავლელი მოკავშირეები რუსეთის „გრუს“ კიბერშეტევაში ადანაშაულებენ
საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას საფრანგეთის პრესაც აშუქებს. გამოცემა RFI-ში გამოქვეყნდა საქართველოში სპეციალური კორესპონდენტის, რეჟის ჟანტეს სტატია სათაურით – „საქართველო და მისი დასავლელი მოკავშირეები რუსეთის „გრუს“ კიბერშეტევაში ადანაშაულებენ“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სტატიაში ასევე მოხსენიებულია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება.
„გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ „გრუს“ უპასუხისმგებლო და თავზეხელაღებული კიბერშეტევების კამპანია საქართველოს, სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს, წინააღმდეგ კატეგორიულად მიუღებელია“, – ვკითხულობთ სტატიაში.
ავტორი ასევე იმოწმებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას.
„ამ ოპერაციის მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
როგორც რეჟის ჟანტე აღნიშნავს, აღნიშნულმა კიბერშეტევამ აჩვენა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ რუსეთის მიმართ წარმოებული დათბობის პოლიტიკა არ იცავს მას ამ უკანასკნელის აგრესიისგან.
აღნიშნულ თემაზე ინფორმაციები გამოქვეყნდა ასევე გამოცემებში Le Figaro და Le Monde.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.