სალომე ზურაბიშვილი - ცხადია, ბიძინა ივანიშვილს დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე, დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის
სალომე ზურაბიშვილი - ცხადია, ბიძინა ივანიშვილს დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე, დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის

ცხადია, ბიძინა ივანიშვილს დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე, დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ Le monde-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტს კითხვა დაუსვა, როგორ ესმის მას ევროკომისიის რეკომენდაცია „დეოლიგარქიზაციაზე“ და მიიჩნევს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად.

„მე არ ვიცი, როგორია მისი რეალური ჩარევა ქვეყნის ეკონომიკურ საკითხებში. ეს ყველაფერი აბსოლუტურად არაა გამჭვირვალე. ცხადია, მას დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე. დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის. პასუხი დეოლიგარქიზაციაზე, ვფიქრობ, მომავალ არჩევნებშია. ოცდაათი წელია, ჩვენ ხელისუფლების ერთპარტიულ სისტემაში ვართ. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ რაც შეიძლება თავისუფალი არჩევნები გვჭირდება, რეალური კოალიციით, პროევროპული ფრონტით“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2018 წელს მისი, როგორც პროევროპელის, ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენაში, თუმცა არ უთამაშია დადებითი როლი ევროკავშირისკენ ჩვენი გზის დაჩქარებაში, რომელიც უკრაინამ წამოიწყო.

„შესაძლოა, მან უარყოფითი როლი ითამაშა, თუ ჩავთვლით, რომ ის შთააგონებს მმართველ პირებს, როდესაც ისინი ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, როგორიცაა ჩემი იმპიჩმენტი, რომელიც მის გარეშე ვერ მოხდებოდა და ამაში წარმატებისთვის რომ მიეღწიათ, მას უკიდურესად ნეგატიური როლი ექნებოდა ევროპულ გადაწყვეტილებებზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, – „სწორედ მისი წყალობით მოხვედით ხელისუფლებაში… რაში გდებთ ბრალს?“ – სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

„დომინანტი პარტიის მხარდაჭერის გარეშე ნათელია, რომ როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, არ მქონდა ბერკეტები, ვყოფილიყავი არჩეული. რაშიც მადანაშაულებს, ალბათ ის არის, რომ მის ხელში არ ვარ, როგორც „ქართული ოცნების“ წევრი მმართველები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილთან, თითქმის სამი წელია, არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.

„ორწელიწად-ნახევარი, სამი წელია, მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. საგარეო პოლიტიკის გარდა, სხვა საუბარი მასთან არასდროს მქონია. როდესაც ევროკავშირში მოგზაურობიდან დავბრუნდი, მივედი ჩემი მოსაზრების გასაზიარებლად, რა უნდა გაგვეკეთებინა. ეს უფრო მონოლოგი იყო, ვიდრე რეალური დიალოგი. არავინ იცის, ის რას ფიქრობს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი რუსული გავლენის ქვეშ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:

„ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს, წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც, შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული იყოს. მისი გავლენით, ხელისუფლებაში მყოფი, ევროპაში განათლებამიღებული ახალგაზრდები აჩვენებენ სისუსტესა და მაამებლურ პოზიციას რუსეთის მიმართ. ეს ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობის ცუდი აღქმაა.

მეორე ნაწილი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ფიქრობენ, რომ რუსეთი ვეღარასოდეს იქნება ის, რაც ადრე იყო. ის მრავალი კუთხით უკვე დამარცხდა – სამხედრო თვალსაზრისით და პრესტიჟის მხრივაც: მან ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში შესვლა მოახდინა და მალე დააჩქარებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს ყველაფერი რუსეთის „წყალობით“ მოხდება, რადგან ჩვენი დღის წესრიგი ასე სწრაფ ტემპზე არ იყო გათვლილი. ამ რუსეთმა წააგო“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში, რომლის თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.