კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ჯერ ოთხი თვეც არ არის გასული და მსოფლიოს მასშტაბით მუშაობა უკვე 115-მდე ვაქცინაზე მიმდინარეობს. საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტი კი მუშაობს წითელას ვაქცინის მოდიფიცირებაზე, რომელმაც ადამიანის ორგანიზმი უნდა „მოატყუოს“ და ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები წარმოაქმნევინოს.
მარტში, ნორვეგიაში ბაზირებულმა ეპიდემიური მზადყოფნის ინოვაციების კოალიციამ (CEPI), რომელიც 2017 წელს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეიქმნა, ინსტიტუტს პრეკლინიკური კვლევისთვის 4,9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გამოუყო. ეს გახლავთ CEPI-ს დაფინანსებით შექმნილი რვა კანდიდატი ვაქცინიდან ერთ-ერთი, დამტკიცების ეტაპამდე კი მხოლოდ ორი ან სამი პროექტის დაფინანსება გაგრძელდება.
CEPI-ს შეფასებით, COVID-19-ის ვაქცინის შექმნა და რეკორდულ დროში იმუნიზაციისთვის საკმარისი ოდენობით დამზადება ორ მილიარდ დოლარამდე დაჯდება. როგორც პასტერის ინსტიტუტის ვაქცინათა ინოვაციების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ვირუსოლოგი ფრედერიკ ტანჟი აღნიშნავს, იმუნიზაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი რეალური საშუალებაა.
სოციალური დისტანცირებისა და თვითიზოლაციის მსგავს ზომებს ის მკვეთრ ჭრილობაზე წებოვანი ლენტის დაკვრას ადარებს.
„იმ ყველაფერის გათვალისწინებით, რაც კორონავირუს SARS-CoV-2-ის (COVID-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსი) გადამდებობის პოტენციალის შესახებ ვიცით, საჭიროა ადამიანთა პოპულაციის 60-70 პროცენტის იმუნიზიაცია“, — უთხრა ტანჟიმ გამოცემა Business Insider-ს.
პასტერის ინსტიტუტს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის შესაშური გამოცდილება აქვს
პასტერის ინსტიტუტი 1888 წელს დაარსდა და სახელი ეწოდა მოწინავე ფრანგი ბიოქიმიკოსის, ლუი პასტერის პატივსაცემად, რომელმაც ციმბირის წყლულისა (ჯილეხი) და ცოფის ვაქცინები შექმნა. სხვადასხვა ეტაპზე, პასტერის ინსტიტუტმა გადამწყვეტი როლი შეასრულა მუცლის ტიფის, ტუბერკულოზის, პოლიოს, ყვითელი ცხელების, აივ ინფექციისა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ფრედერიკ ტანჟის თქმით, ინსტიტუტის პარიზის კამპუსის დაახლოებით 133 დეპარტამენტი ახლა მთლიანად COVID-19-ის პანდემიაზეა ფოკუსირებული.
იანვარში, საფრანგეთში COVID-19-ის პირველი შემთხვევების დაფიქსირებიდან სულ რამდენიმე დღეში, პასტერის ინსტიტუტის მეცნიერებმა შეასრულეს ევროპაში შესული კორონავირუსის გენომის პირველი სრული სეკვენსირება (ამინომჟავის ნარჩენების თანმიმდევრობის დადგენა). ეს გახლდათ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ვირუსს განცდილი მნიშვნელოვანი მუტაცია უხანში აღმოჩენის შემდეგ.
საბედნიეროდ, ასეთი რამ არ დადასტურდა.
ინსტიტუტმა წითელას მოდიფიცირებული ვაქცინა სხვა ვირუსების წინააღმდეგ გატესტა
ტანჟის ჯგუფი წითელას სტანდარტული ვაქცინის ისე მოდიფიცირებას ახდენს, რომ შეიცავდეს კორონავირუს SARS-CoV-2-ის მხოლოდ ერთ ცილას. მათ იმედი აქვთ, რომ ამის შემდეგ ორგანიზმში ის გამოიწვევს ისეთივე იმუნურ პასუხს, როგორიც ამჟამინდელ MMR ვაქცინას აქვს წითელას, ყბაყურასა და წითურას წინააღმდეგ.
შესუსტებული ვირუსების შემცველი ვაქცინების ერთი დოზა ძლიერ და ხანგრძლივ იმუნიტეტს განაპირობებს, ამავე დროს, იაფია საწარმოებლად. წითელას უკვე ლიცენზირებული ვაქცინის გამოყენება ასევე ნიშნავს ტესტირებისა და დაპატენტების დროის დაჩქარებას.
„წითელას ვაქცინის წარმოება მსოფლიოში ნებისმიერ ფარმაცევტულ ქარხანას შეუძლია“, — ამბობს ტანჟი.
ინსტიტუტის ასეთმა სტრატეგიამ უკვე აჩვენა იმედისმომცემი შედეგები ვირუს ჩიკუნგუნიას პროტოტიპი ვაქცინის შემთხვევაში. ჩიკუნგუნია ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს აინფიცირებს სამხრეთ აზიასა და აფრიკაში, იწვევს სახსრების შეშუპებას, კუნთების ტკივილსა და გამონაყარს. ბავშვებში, მოხუცებსა და თანმდევი სხვა დაავადებების მქონე პირებში ფიქსირდება სიკვდილის შემთხვევებიც.
შვიდწლიანი კლინიკური ცდების შემდეგ, ჩიკუნგუნიას ვაქცინა ახლა ცდების საბოლოო, მესამე ფაზაშია, რომელშიც მისი ეფექტიანობა ათასობით ადამიანზე უნდა შემოწმდეს.
თუმცა, ინსიტუტი კორონავირუსის ვაქცინაზე გაცილებით სწრაფად მუშაობს.
როდის შეიძლება ველოდოთ ვაქცინას
თუკი პასტერის ინსტიტუტის ვაქცინის კანდიდატმა იმედისმომცემობა დაადასტურა, მათი პარტნიორი, პიტსბურგის უნივერსიტეტის ვაქცინების კვლევის ცენტრი მის ცხოველებზე გამოცდას რამდენიმე თვეში დაიწყებს. შემდეგ კი საქმეში ჩაერთვება ავსტრალიის ბიოტექნოლოგიური კომპანია Themis-ი, რომელიც კლინიკური ცდებისთვის ვაქცინის ასობით დოზას დაამზადებს.
ტანჟის აზირთ, ადამიანებში ვაქცინის ტესტირება უახლოესი ერთი წლის განმავლობაში უნდა დაიწყოს. მისი თქმით, დრო სჭირდება ტესტირებებს, რომლებითაც უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა ვაქცინას რაიმე გვერდითი ეფექტები, რათა შემდეგ მათ შესუსტებაზე ან აღმოფხვრაზე იმუშაონ.
„ასეთი ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის ძალიან სენსიტიური საკითხია იმუნური პასუხი, რომელიც შეიძლება გაცილებით სასიკვდილო იყოს, ვიდრე თავად ვირუსი. ნაადრევი და შეუმოწმებელი ვაქცინა ძალიან სახიფათოა“, — ამბობს საფრანგეთის პასტერის ინსტიტუტის ვაქცინათა ინოვაციების ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ვირუსოლოგი ფრედერიკ ტანჟი.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.