ფრაგმენტი კარიერიდან | დიეგო მარადონა 1994 წლის დოპინგ-სკანდალის შესახებ - არავინ შემატყობინა, რომ ეფედრინი ჩემს რაციონში შედიოდა
ფრაგმენტი კარიერიდან | დიეგო მარადონა 1994 წლის დოპინგ-სკანდალის შესახებ - არავინ შემატყობინა, რომ ეფედრინი ჩემს რაციონში შედიოდა

არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები დღესაც თანხმდებიან, რომ ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი 1994 წელს ჰყავდათ, თუმცა ერთმა გარემოებამ მთლიანად შეცვალა გუნდის ბედი. ამ ამბავს თავის ავტობიოგრაფიაში დეტალურად იხსენებს მაშინდელი ნაკრების კაპიტანი დიეგო მარადონა:

 

„1994 წლის არგენტინა უდიდესი გუნდი იყო და ამიტომაც, ის შედეგი, რომელიც მან საბოლოოდ აჩვენა, ყველაზე დიდი იმედგაცრუება გახლდათ ჩემს ცხოვრებაში.

ბებეტო და რომარიო მეუბნებოდნენ: „როცა დავინახეთ, თუ როგორ შემოატრიალეთ ნიგერიასთან მატჩი, ერთმანეთს ვუთხარით: „არგენტინელებს გუნდი ჰყავთ და ეს არ არის მარადონას გუნდი. ისინი ძლიერები არიან ტაქტიკურად და ფიზიკურად, თანაც ყველაზე მოაზროვნე გუნდია მუნდიალზე“. და ეს მე არა ვიღაც პირველმა შემხვედრმა, არამედ ბებეტომ და რომარიომ პირად საუბარში მითხრეს.

არასოდეს დამავიწყდება 1994 წლის 25 ივნისის საღამო. ვგრძნობდი, რომ სუპერმატჩი ჩავატარე, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. ტრიბუნების წინ ვიდექი და გამარჯვებას ვზეიმობდი, არაფერზე ეჭვი არ გამჩენია, როცა მინდორზე ექთანი გამოჩნდა და ჩემსკენ გამოემართა. რაზე უნდა ამეღო ეჭვი, როცა აბსოლუტურად სუფთა ვიყავი. სიმშვიდეს ვინარჩუნებდი, რადგან მუნდიალის წინ დოპინგ-კონტროლი გავლილი მქონდა და შედეგი უარყოფითი იყო. მე არაფერი მიმიღია, არა-ფე-რი!

სამი დღის შემდეგ ბაზაზე ვიყავი, ჩაი „მატეს“ ვსვამდი და ბასილეს მიერ ბოძებული დასვენებისგან სიამოვნებას ვიღებდი. საშინელი სიცხე იყო, მაგრამ ის ჩვენზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდა – ბავშვებივით გვიხაროდა სიცოცხლე. კლაუდიასთან, გოიკოეჩეასთან და მის ცოლ ანა ლაურასთან ერთად ათას წვრილმანზე ვსაუბრობდით. უცებ მარკოს ფრანკი გამოჩნდა, რომელსაც სახეზე მკვდრის ფერი ედო. „ნეტა ვინ მოკვდა?“ – გავიფიქრე მე. მან მხარზე ხელი დამადო და გვერდზე გამიყვანა.

– დიეგო ერთი ერთზე უნდა გელაპარაკო. შენმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. მაგრამ არ ინერვიულო, ჩვენი შეფები საქმის ვითარებაში გაერკვევიან…

ბოლო სიტყვები აღარ მომისმენია, შემოვბრუნდი და თვალებით კლაუდიას დავუწყე ძებნა. გარშემო ვეღარაფერს ვარჩევდი – თვალები ცრემლით მქონდა სავსე და ხმაც მიკანკალებდა. „ჩვენ მუნდიალიდან მივდივართ“, – ვთქვი მე.

ხელგადახვეულები ჩემი ნომრისკენ გავემართეთ. კედელს მუშტებს ვურტყამდი და ვყვიროდი: „მაინც მომიღეს ბოლო!“

თითქოს ცა ჩამოიქცა ჩემს თავზე. არ ვიცოდი რა მეკეთებინა, სად წავსულიყავი. დალასაში გამგზავრება გვიწევდა, სადაც ბულგარეთთან მატჩი იყო დაგეგმილი და მაშინვე გული მიჩქარდებოდა, როცა წარმოვიდგენდი, რომ მე იქ, მინდორზე არ ვიქნებოდი. შესაძლოა, გულის სიღრმეში კიდევ მქონდა რაღაცის იმედი. ჩვენი დელეგაციის წევრებმა ლოს ანჯელესში განმეორებითი ანალიზი წაიღეს, იქნებ მათ მოეხერხებინათ რამე, მაგრამ…

29 ივნისს, ოთხშაბათს ჩვენი თვითმფრინავი დალასში დაეშვა. სასტუმროში პირველი შევედი. ყველა კამერა ჩემსკენ იყო მოშვერილი, ასე ხდებოდა ყოველთვის და გადაჭარბებული ყურადღების ცენტრში ყოფნას მიჩვეული ვიყავი. ჯერჯერობით არავინ არაფერი იცოდა და ამიტომაც მესიამოვნა ამ ბრბოში ჩემი მეგობარი ჟურნალისტების გაღიმებული სახეების დანახვა. ბევრი მათგანი მრავალი წელი ჩემს დასაცავად იბრძოდა და ახლა სიამოვნებას იღებდა იმით, რომ რევანშის აღება შევძელი. მათ რომ სცოდნოდათ ის, რაც მე ვიცოდი!

იმავე საღამოს, მატჩამდე ერთი დღით ადრე „კოტონ ბოულის“ სტადიონისკენ გავემართეთ, რათა მინდვრის საფარი შეგვესწავლა. შესანიშნავად ვიცოდი, რომ ხვალ მე აქ არ ვიქნებოდი, რომ არ მომცემდნენ თამაშის გაგრძელების საშუალებას. ნაკრების ყველა წევრმა არ იცოდა სიმართლე, ამიტომაც, გაკვირვებას ვერ მალავდნენ იმის გამო, რომ ჩვეულებრივზე მეტად ჩუმი და გულჩათხრობილი ვიყავი. ბურთს არც შევხებივარ, უბრალოდ საპირისპირო კარებისკენ გავემართე და იქ ბადეზე ხელჩაჭიდული დიდხანს ვიდექი.

როცა მინდვრის დატოვება დავაპირე, იმ ტრიბუნაზე, სადაც ჩვეულებრივ ჟურნალისტები სხედან, რაღაც ჩოჩქოლი ატყდა. დავინახე, რომ პრესის წარმომადგენლებს სწრაფი ნაბიჯებით ხულიო გრონდონა უახლოვდებოდა. ცოტა ხანში ჟურნალისტთა შეძახილები გავიგონე: „დიეგო, მოდი აქ, ერთი შეკითხვა!“ არც კი გამიხედავს მათ მხარეს, უბრალოდ მისალმების ნიშნად ხელი ავწიე. როცა მინდორი დავტოვე და ის ის იყო გვირაბში უნდა შევსულიყავი, თავი მოვატრიალე და დავინახე ასობით მიკროფონითა და კამერით გარშემორტყმული გრონდონა.

ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ თავის ხელში აყვანა მოვახერხე.

საღამოსთვის სასტუმრო ჯოჯოხეთს დაემგსგავსა. უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო ეს ახალი ამბავი. თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ სკანდალში სერხიო ვასკესი გაება, რომელმაც ჩემთან ერთად გაიარა დოპინგ-ტესტი და მანამდე ათასგვარი აბებით მკურნალობდნენ ფეხზე დასაყენებლად. მაგრამ შემდეგ ყველამ შეიტყო, რომ ეს ახალი ამბავი მე მეხებოდა. თეორიულად მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლო მომენტში, როცა დასაძინებლად მივდიოდი, ნომრის კარი გაიღო, მარკოსი შემოვიდა და მითხრა: „დიეგო, ყველაფერი დამთავრდა, მეორე სინჯის ანალიზმაც დადებითი შედეგი აჩვენა“. ამის შემდეგ, არგენტინის ნაკრების ფედერაციამ შემადგენლობიდან გამომიყვანა. უკვე ნაკრებს აღარ ვეკუთვნოდი.

მარტო დავრჩი, სრულიად მარტო. გაუჩერებლად ვყვიროდი: „მიშველეთ, მიშველეთ! მეშინია, რაიმე სისულელე არ ჩავიდინო, მიშველეთ!“ თანაგუნდელები ნომერში შემოვიდნენ, მაგრამ მათ არ იცოდნენ, რა ეთქვათ ჩემთვის. მე კი ვტიროდი, რადგან ვიცოდი, რომ მომდევნო დღეს თავი ხელში უნდა ამეყვანა. ეს კლაუდიას დავპირდი და მას ვერ დავაღალატებდი.

ერთადერთი სიმართლე 1994 წლის მუნდიალზე, რომლის შესახებაც დანიელ სერინიმ (მარადონას ფიზმომზადების მწვრთნელი 1993-94 წლებში – რედ.) გაჩუმება არჩია, იმაში მდგომარეობს, რომ ჩემთვის არავის არანაირი დაპირება არ მოუცია; ეს ტყუილია, რომ თითქოს ფიფა-მ თავიდანვე სრული თავისუფლება მომანიჭა, შემდეგ კი მომატყუა, ანტისადოპინგო კონტროლი მომიწყო და გამომიჭირა. ეს გაუგონარი ტყუილია!

როცა ყველაფერი დასრულდა, მინდოდა ყველას სცოდნოდა (და ეს გრონდონასაც ვთხოვე), რომ არანაირ სარგებელს არ ველოდი იმისგან, რომ ამ მუნდიალზე თამაშის უფლება მომცეს. მომზადებისთვის წელიწადნახევარი მომცეს. ვიღებდი პრეპარატს, რომელსაც ბეისბოლისტები, კალათბურთელები და ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეები სვამენ – ეფედრინს. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ არავინ შემატყობინა, რომ ეფედრინი ჩემს რაციონში შედიოდა, არადა გარშემო ყველამ იცოდა, რომ ის აბსოლუტურად არ იყო საჭირო იმისთვის, რომ უკეთესად მერბინა და მეთამაშა.

მუნდიალზე აბსოლუტურად „სუფთა“ ჩავედი, რადგან ვიცოდი, რომ ეს იყო ბოლო შესაძლებლობა ჩემი შვილებისთვის მეთქვა: „მე ფეხბურთელი ვარ და თუ ჯერ საქმეში არ გინახივართ, ახლა შეგიძლიათ ამის გაკეთება“.