ისტორიული მატჩი | „ბარსელონასა“ და „ბილბაოს“ სიძულვილის ამბავი - როგორ ექცეოდნენ ბასკეთში მარადონას, ინიესტას, შუსტერს [ვიდეო]

ესპანეთის სუპერთასის ფინალურ მატჩში ლიონელ მესიმ თავის ბარსელონურ კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო. ეს იყო არგენტინელის პირველი გაძევება 753 მატჩსა და პირველ გუნდში 18 წელი გამოსვლის განმავლობაში. მართლაც ისტორიული მომენტი.

მესიმ წითელი ბარათი 121-ე წუთზე მიიღო, როცა „ბილბაო“ 3:2-ს იგებდა. მთელი თამაშის განმავლობაში, ბასკი ფეხბურთელები უხეშობასა და სიმულაციას არ ერიდებოდნენ და მატჩის შემდეგ, რონალდ კუმანმა ამაზე გააკეთა აქცენტი.

„მესმის ლეოსი. ვერ წარმოიდგენთ, რამდენჯერ დაარღვიეს მასზე წესი“, – თქვა ნიდერლანდელმა მწვრთნელმა. საბოლოოდ, მესიმ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

„ჩემი აზრით, აგრესია მესის მხრიდან ცხადი იყო. იმედგაცრუება იმის გამო, რომ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია – ეს ნორმალურია”, – თქვა „ბილბაოს“ დაზარალებულმა ფეხბურთელმა ასიერ ვილიალიბრემ.

ეს არ არის პირველი ბინძური ისტორია „ბარსელონასა“ და „ბილბაოს“ დაპირისპირებაში. მიჩნეულია, რომ ესპანეთში ყველაზე დიდი სიძულვილი „ბარსასა“ და „რეალს“ შორის არსებობს, მაგრამ ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ მატჩებს კატალონელებსა და ბასკებს შორის ხშირად უფრო სასტიკი ხასიათი აქვს.

 

სიძულვილის ისტორია

80-იან წლებამდე „ბარსელონასა“ და „ბილბაოს“ შორის ღრმა პატივისცემა არსებობდა. ორივე რეგიონმა საკუთარ თავზე იწვნია ფრანკოს რეჟიმი, რომელიც ახშობდა ნაციონალურ მოძრაობას ბასკონიასა და კატალონიაში. ცნობილია ისტორია იმის შესახებ, რომ ფრანკომ 1937 წელს გერმანული ავიაცია „ლიუფტვაფე“ გამოიძახა იმისთვის, რომ დაენგრია ბასკონიური კულტურის ცენტრი „გერნიკა“.

80-იან წლებამდე ესპანეთში ბატონობდა „რეალი“, რომლის მიმართაც ფრანკოს მთავრობა დიდ სიმპატიას იჩენდა. „რეალის“ ჰეგემონიაში იშვიათად ერეოდა მეორე დედაქალაქური კლუბი „ატლეტიკო“. მაგრამ დიქტატორის სიკვდილის შემდეგ, თავი წამოყვეს რეგიონალურმა კლუბებმაც. 1980-85 წლების პერიოდში „რეალი“ ერთხელაც არ გამხდარა ჩემპიონი, სამაგიეროდ, ერთხელ ოქრო აიღო „ბარსელონამ“ და ორ-ორჯერ ორმა ბასკურმა კლუბმა – „ბილბაომ“ და „რეალ სოსიედადმა“. აქედან გამოიკვეთა ახალი დაპირისპირების კონტურები.

სიტუაციას ძაბავდა პოლიტიკური მდგომარეობა. 70-80-იან წლებში პიკში იყო ბასკური ტერორისტული ორგანიზაციის ETA-ს აქტიურობა. მისი მოქმედებებისგან მხოლოდ 1983 წელს 43 ადამიანი დაიღუპა. ბასკები არ ერიდებოდნენ ყველაზე რადიკალური ხერხებით დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას – 1981 წელს, ETA-მ მოიტაცა „ბარსელონას“ ფორვარდი კინი, რომელიც 25 დღის განმავლობაში ჰყავდათ მძევლად. კატალონელთა ვარსკვლავი ბერნდ შუსტერი პარტნიორებთან ერთად ითხოვდა მატჩების გადატანას და პირადი მცველების აყვანის იდეით გამოდიოდა.

ბერნდ შუსტერის ტრავმა „ატლატიკთან“ მატჩისას

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ლუის სესარ მენოტი და „ბილბაოს“ დამრიგებელი ხავიერ კლემენტე ცეცხლზე ნავთს ასხამდნენ. ლიბერალურ არგენტინულ წრეებში პოლიტიკური წონის მქონე მენოტი კლემენტეს სტილს „სასტიკს, ავტორიტარულსა და საშინელს“ უწოდებდა. რადიკალი ბასკი ნაციონალისტი კლემენტე პასუხად ოპონენტს „დაბერებულ ქალ ჰიპის“ უწოდებდა. იმ დროს, „ბარსელონა“ შუსტერითა და დიეგო მარადონათი ლამაზ კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა, „ბილბაო“ კი ანდონი გოიკოეჩეას კაპიტნობით თითოელი მატჩისგან ომს ქმნიდა. „ბარსელონას“ გულშემატკივრები ბასკებს ყასაბებს უწოდებდნენ. ბასკები კატალონელებს – ქალებს, რომლებსაც არ შეუძლიათ მამაკაცური ძალისმიერი ფეხბურთის თამაში.

პირველი აფეთქება 1981 წელს მოხდა – კლემენტეს სადებიუტო მატჩში „ბილბაოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. გოიკოეჩეამ სასტიკი ვარდნით ჯვარედინი მყესები გაუწყვიტა „ბარსელონას“ ვარსკვლავს ბერნდ შუსტერს. გერმანელი მანამდე ორი წელი მეორე და მესამე ადგილზე გადიოდა „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში, მაგრამ ტრავმის შემდეგ, ვეღარ დაბრუნდა ჩვეულ დონეზე. გარდა ამისა, ვერ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში.

 

სისასტიკის აფეთქება

პირველი საშინელი ჟესტი 1983 წელს მოხდა. „ბარსელონა“ ლა ლიგას მეოთხე ტურში „ბილბაოს“ 2:0-ს უგებდა. თავის ავტობიოგრაფიაში დიეგო მარადონა წერდა, რომ თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ანდონი გოიკოეჩეამ უთხრა არგენტინელს, რომ შუსტერს მინდორზე მოკლავდა. მარადონამ დამშვიდებისკენ მოუწოდა, რადგან თამაშის დასრულებამდე სულ ცოტა რჩებოდა და არაფერს არ ჰქონდა აზრი. ამან საპირისპირო ეფექტი იქონია – სულ მალე გოიკოეჩეამ მოედნის ცენტრში საშინელი ვარდნით კოჭი მოტეხა დიეგოს და ის რამდენიმე თვე თამაშგარე დარჩა. მარადონას სიტყვებით, იმ ტრავმის რეაბილიტაციის დროს მან პირველად გასინჯა კოკაინი. „ბილბაომ“ კი იმ სეზონში ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო 10 მატჩით დისკვალიფიცირებულ გოიკოეჩეას იმ ეპიზოდის შემდეგ მეტსახელი შერჩა – „ბილბაოელი ყასაბი“.

მაგრამ ეს არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც შემდეგ მოხდა. „ბარსელონა“ რევანშის აღებას აპირებდა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ესპანეთის თასის ფინალში. თამაშზე მისულმა ესპანეთის მეფემ დაუვიწყარი სანახაობა იხილა – გულშემატკივრები მზად იყვნენ ერთმანეთი დაეხოცათ, შუსტერი მოედანზე გადმოყრილ ნაგავს უკან ტრიბუნებზე აბრუნებდა, „ბილბაოს“ მცველები კი მთელი მატჩის განმავლობაში ფეხებში ურტყამდნენ მარადონას, რომელმაც განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა ჩემპიონატი „რეალს“ მოეგო და არა ბასკებს. მატჩის წინ კი „ბილბაოს“ ფანებმა უსტვინეს წუთიერი დუმილის დროს, რომელიც ავიაკატასტროფაში დაღუპულ „ბარსელონას“ ფანებს ეძღვნებოდა. ისინი სწორედ მადრიდის თამაშზე მიემგზავრებოდნენ.

„ბილბაომ“ გოლი მალე გაიტანა, ჩვეულ სტილში „მოკლა“ თამაში და საბოლოოდ, თასი აიღო. მაგრამ ჯოჯოხეთი ფინალური სასტვენის შემდეგ დაიწყო – ბასკების ფანები რასისტულ შეძახილებს ისროდნენ მარადონას მამის მისამართით, „ბილბაოს“ ფეხბურთელმა ნუნიესმა დიეგოს თითებით V უჩვენა, რაც გამარჯვებას ნიშნავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი მეორე ბასკმა სოლამ მარადონას ხელი უბიძგა და რაღაც უთხრა. ეს ბოლო წვეთი იყო – არგენტინელმა მუხლი უთავაზა სახეში და დაიწყო გრანდიოზული ჩხუბი. დიეგომ ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიიღო და ნეაპოლში გაემგზავრა, „ბარსელონასა” და „ბილბაოს” შორის მტრობა კი ისტორიული გახდა.

 

შემთხვევები ახლო წარსულში

80-იანი წლების მსგავსი ჟესტები „ბილბაოსა“ და „ბარსელონას“ შორის აღარ არის. მაგრამ დღემდე, დრო და დრო ამ გუნდების მატჩებში არის ნამდვილი სისასტიკის შემთხვევები. ასე მაგალითად, 10 წლის წინ, „ბილბაოს” მცველმა ფერნანდო ამორებიეტამ კინაღამ თავი წააცალა ლიონელ მესის.

ანდრეს ინიესტა „სან მამესზე“

„ბილბაოს“ სტადიონი „სან მამესი“ ერთადერთი იყო ესპანეთში, სადაც ესპანეთის გმირს ანდრეს ინიესტას უსტვედნენ. ბილბაოში მას დიდი ხანი უხსენებდნენ იმავე ამორებიეტას გაძევებას კატალონელ ნახევარმცველზე ჯარიმის შემდეგ – ბასკები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ინიესტა იმ მომენტში სიმულანტობდა. სამი წლის შემდეგაც კი თითქოს ყოველთვის სამაგალითო ინიესტამ სალანძღავი სიტყვები გამოიყენა „ბილბაოს” გულშემატკივრების მისამართით, რომლებიც მას შეცვლის შემდეგ უსტვენდნენ.

 

შეიძლება ითქვას, რომ კვირას მესიმ სამაგიერო გადაუხადა „ბილბაოს“ ფეხბურთელებს. ასეთი ეპიზოდები ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ, ნორმა იყო. ასეა თუ ისე, ეს მხოლოდ ძველი, მაგრამ ძალიან ცხელი საფეხბურთო ომის გამოძახილია.

სპორტი