გამოცემა „მარკა“ – „ხეტაფემ“ თამაში ვერ შემოატრიალა, „იბერია“ კი თავს კარგად იცავდა და პირველი გამარჯვება მოიპოვა #1TVSPORT
„მადრიდულმა გუნდმა თბილისში თამაშში გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო, ქართული გუნდი კი მყარად და შეკრულად გამოიყურებოდა, რითაც კონფერენსლიგაზე პირველი სამი ქულა მოიპოვა“, – ასე გამოეხმაურა პოპულარული ესპანური გამოცემა „მარკა“ „ხეტაფეს“ „იბერიასთან“ დამარცხებას (0:1).
„ხეტაფე“ საქართველოდან მძიმედ დაჭრილი ბრუნდება
„ხოსე ბორდალასის გუნდი ევროტურნირებზე კვლავ მოგების გარეშეა. მათ აქტივში მხოლოდ ერთი ქულაა, რაც შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს. „ხეტაფეს“ ევროპულ ასპარეზზე ფეხის მოკიდება უჭირს, ბორდალასის შეგირდებმა ოთხ მატჩში უკვე მესამე მარცხი იწვნიეს. თბილისის „იბერიასთან“ შეხვედრამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა გუნდის, რომელიც თბილისში 30 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში ათი კაცით თამაშობდა, სერიოზული პრობლემები შეტევაში.
თავდაპირველად „ხეტაფე“ ბურთის კონტროლითა და ფლანგებიდან შეტევებით ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას, საგოლე მომენტებიც შექმნა – ჯერ რისკომ, შემდეგ კი სატრიანომ დაარტყეს საჯარიმოს მისადგომებიდან, თუმცა მეკარემ ორივე მცდელობა წარმატებით მოიგერია. დროის სვლასთან ერთად ბორდალასის გუნდის შეტევები ერთფეროვანი გახდა, საპირისპიროდ კი, მასპინძლები უფრო თავდაჯერებულად ათამაშდნენ.
პირველ ტაიმში თავი ქობულაძემ გამოიჩინა, მის მიერ გატანილმა გოლმა სტადიონზე ნამდვილი ეიფორია გამოიწვია. ეს მძიმე დარტყმა აღმოჩნდა ესპანური გუნდისთვის, რომელიც ეპიზოდური შეტევებით ცდილობდა ვითარების გამოსწორებას.

შესვენების შემდეგ ქართველებმა დავიდ სორიას ორჯერ სერიოზული გამოცდა მოუწყვეს, მაგრამ მეკარემ ბრწყინვალედ ითამაშა და ძაგანიასა თუ ქარდავას გოლის გატანის საშუალება არ მისცა. გუნდს კიდევ ერთი მძიმე დარტყმა ელოდა — მეორე ტაიმში მოედანზე შესულმა მანგალამ სულ რაღაც სამწუთიან მონაკვეთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დაატოვებინეს.
„ხეტაფე“ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. გუნდი საკუთარ თამაშს ვერ პოულობდა, 10 კაცით დარჩენის შემდეგ კი ამოცანა უფრო გართულდა. „იბერია“ დაცვაში ჩაიკეტა და კონტრშეტევას ან მეტოქის შეცდომას ელოდა, რათა მისთვის გადამწყვეტი დარტყმა მიეყენებინა. ეს სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა – სასოწარკვეთილი „ხეტაფე“, ფაქტობრივად, კედელს ეხეთქებოდა.
შეხვედრა ისე დასრულდა, რომ მადრიდულმა გუნდმა სასურველი გარდატეხის შეტანა ვერ შეძლო, ქართული გუნდი კი მყარად და შეკრულად გამოიყურებოდა, რითაც პირველი სამი ქულა მოიპოვა“.