ფოტოების შედარება, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა შეუძლია ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს — #1tvმეცნიერება
NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ოთხივე სამეცნიერო ინსტრუმენტი უკვე ბრწყინვალედ არის გასწორებული; ოფიციალური დებიუტი კი ამ ზაფხულს შედგება.
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ტელესკოპის გასწორება დასრულებულია და მისი წარმადობა იმაზე უკეთესია, ვიდრე ვვარაუდობდით. მივაღწიეთ ტელესკოპის სრულყოფილ გასწორებას. ტელესკოპის ოპტიკაში აღარ არის საჭირო რაიმე ისეთი გასწორება, რომელიც უკეთეს სამეცნიერო წარმადობას მოგვცემდა“, — ამბობს პროექტის მეცნიერი მაიკლ მაკელვეინი.
ტელესკოპის მზადყოფნის წარმოსაჩენად, NASA ვების ერთ-ერთი ინსტრუმენტის, MIRI-ის მიერ გადაღებულ თიზერ-ფოტოს აქვეყნებს. ახალ ფოტოზე გვერდიგვერდ არის შედარებული ახლომდებარე გალაქტიკა მაგელანის დიდ ღრუბელზე ვებისა და NASA-ს წინა, ამჟამად ჩამოწერილი სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ ჩატარებული დაკვირვებები.
ირმის ნახტომის თანამგზავრი ჯუჯა გალაქტიკა მაგელანის დიდი ღრუბლისთვის სპიტცერის მიერ გადაღებულ ფოტოზე შვიდამდე გაბლარული ვარსკვლავი ჩანს, ამავე რეგიონისთვის ვების მიერ გადაღებულ ფოტოზე კი მკაფიო დეტალებში მოჩანს წინა ვარსკვლავები, ვარსკვლავთშორისი მტვრის თხელი ღრუბლები და ასობით ფონური ვარსკვლავი და გალაქტიკა; სურათს NASA უპრეცედენტოდ დეტალურს უწოდებს.
ინსტრუმენტების გასწორების შემდეგ, ვების ტელესკოპი ინსტრუმენტთა საბოლოო კალიბრაციას ელოდება, ზაფხულის ბოლოს კი ოფიციალურად დაიწყებს შორეულ ვარსკვლავთა შესწავლას.
ივლისში გამოქვეყნდება ტელესკოპის პირველი სამეცნიერო ფოტოები, რომელთა სამიზნეც იქნება გალაქტიკები და ობიექტები, რომლებიც წარმოაჩენს ვების სამეცნიერო თემებს, მათ შორის ადრეული სამყაროდან, გალაქტიკების ევოლუციას, ვარსკვლავთა სასიცოცხლო ციკლს და სხვა პლანეტებს.
დაახლოებით 10 მილიარდ დოლარად შეფასებული ტელესკოპი NASA-მ 2021 წლის 25 დეკემბერს გაუშვა დანიშნულების საბოლოო ადგილისკენ, დედამიწიდან 1,5 მილიონ კილომეტრში. შედგება 18 ექვსკუთხა სარკის სეგმენტისგან, რომლებიც ერთობლივად 6,4 მეტრის სიგანის სარკეს წარმოქმნიან.
ვების წინამორბედის, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ძირითადი სარკის სიგანე 2,4 მეტრია.
მეცნიერთა პროგნოზით, ვები შორეულ, იმაზე 100-ჯერ უფრო მკრთალი ფოტოების გადაღებას შეძლებს, ვიდრე ჰაბლს ძალუძს.
ტელესკოპი ძირითადად იმისათვის შექმნეს, რომ დააკვირდეს სამყაროს ყველაზე ადრეულ ობიექტთა მკრთალ სინათლეს, დაახლოებით 13,8 მილიარდი წლის წინანდელს, როდესაც სამყარო ჯერ სულ რამდენიმე მილიონი წლის იყო.
მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.