ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს
ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ გუშინდელ განცხადებას ეხმაურება. ისინი თანამშრომლებზე ზეწოლას უარყოფენ და ოპოზიციის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ.
„ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია აღიარებს თანამშრომლების დემოკრატიულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ პირადი შეხედულებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, არასდროს არ გვქონია მათ არჩევანზე გავლენის მოხდენის მცდელობა კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის მიზნით“, – აცხადებენ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციაში.
22 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ანონიმური წერილი გაასაჯაროეს. წერილში ნათქვამია, რომ ფოთის პორტში თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება და აიძულებენ, მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.