ფოთის პორტმა ეკონომიკის სამინისტროს ნავსადგურის გაფართოების გეგმა წარუდგინა
„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმმა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავსადგურის გაფართოების კონცეპტუალური გეგმა წარუდგინა. დიზაინი ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.
ფოთის პორტის მფლობელი სამინისტროსგან პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოსთვის ნებართვის მიღებას გეგმავს.
პროექტის დიზაინი მოიცავს ახალი ტალღამჭრელის და სხვადასხვა ტიპის (მშრალი, ნაყარი, საკონტეინერო და გენერალური) ტვირთებისთვის 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობის, განვითარებისა და ოპერირების გეგმას.
„ხელისუფლებასთან, ტვირთის მფლობელებთან, წილობრივ პარტნიორებთან და ფინანსურ დაწესებულებებთან მაღალი დონის და სიღრმისეული განხილვების შედეგად ვასკვნით, რომ ფოთი კვლავაც განაგრძობს ფუნქციონირებას, როგორც ძირითადი მისასვლელი გზა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებამდე. გვჯერა, რომ გვაქვს სათანადო უნარები, შესაძლებლობა და პროფესონალიზმი, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას ფოთის საზღვაო ნავსადგურის მდგრადი განვითარების გზით“, – განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლაურსენმა.
პროექტის გეგმაში გათვალისწინებულია 14.5 მეტრის სიღრმისა და 700 მეტრი სიგრძის ნავმისადგომის კედლის მშენებლობა, გამოყოფილია 25 ჰექტარი ღია და დახურული სასაწყობე მეურნეობებისთვის და ნაყარი ტვირთების – ხორბლის, მადნის და სხვადასხვა მინერალების ოპერირებისთვის.
„ახალ ნაყარი ტვირთის სატვირთო პორტში შესაძლებელი იქნება გადატვირთვა 60 000 ტონამდე საქონლის პარტიების/გეგმების, რაც ქმნის ახალ დაბალ დანახარჯებიან შესაძლებლობას საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნების ტვირთების მფლობელებისთვის. „ეიპიემ ტერმინალსის“ საკუთრებაში მყოფ და მართულ ფოთის საზღვაო ნავსადგურს უკვე დამკვიდრებული აქვს საკუთარი პოზიცია ბაზარზე და არსებული ინფრასტრუქტურის საფუძველზე, როგორც ფოთში, ასევე მის შემოგარენში, შემდგომი მზარდი განვითარებისთვის მყარ პლატფორმას ქმნის. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფოთი შეინარჩუნებს საკუთარ პოზიციას, როგორც ყველაზე ეფექტური და რაციონალური ლოგისტიკური გადაწყვეტილება ჩვენი ამჟამინდელი და მომავალი მომხმარებლებისთვის“, – აღნიშნა ლაურსენმა.
ინვესტორის ცნობით, პროექტის ფარგლებში შეიქმნება დაახლოებით 250 მუდმივი სამუშაო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის და 900-მდე დასაქმების შესაძლებლობა ახალ პორტთან დაკავშირებულ საწარმოებსა და მომსახურების სფროში. გარდა ამისა, მშენებლობის ეტაპზე დამატებით შეიქმნება დროებითი სამუშაო ადგილები.