ფოთის პორტის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ არსებულთან ერთად, ახალი ნავმისადგომები მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში ქვეყნის ტვირთბრუნვას სრულად დააკმაყოფილებს
ვფიქრობთ, ფოთის პორტში არსებულ ნავსადგურთან ერთად, ახალი ნავმისადგომები მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში ქვეყნის ტვირთბრუნვას სრულად დააკმაყოფილებს, – ამის შესახებ დღეს მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კელდ (მოსგაარდ) ქრისტენსენმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ჰააგადან „ეიპიემ ტერმინალს ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა.
„დავოსში გაიმართა შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს შორის ჰააგადან. როგორც წესი, დავოსის შეხვედრები დიპლომატიური ხასიათისაა და ჩვენმა აღმასრულებელმა დირექტორმა პროექტის მხარდაჭერა გამოხატა”- განაცხადა ქრისტენსენმა.
პროექტი ფოთის პორტის გაფართოებას ითვალისწინებს.
„ჩვენი გეგმები აწყობილია ისეთი გადაწყვეტილებების გარშემო, რომელთაც აქვთ გაზრდისა და განვითარების პერსპექტივა. პროექტის პირველი ფაზა გულისხმობს ნაყარი ტვირთის ტერმინალს, ხოლო მეორე ფაზა მოიცავს დამატებით 300-მეტრიანი საკონტეინერო ნავმისადომის მოწყობას, სადაც შესაძლებელი იქნება 1 მილიონ TEU-ზე მეტი კონტეინერის განთავსება-დამუშავება. ვფიქრობ, ეს საკმარისი იქნება მომავალი 10-20 წლის განმავლობაში, რამდენადაც ნავმისადგომების მიღმა მოეწყობა ტერიტორია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, აქვს გაფართოების შესაძლებლობა“, – აცხადებს ქრისტენსენი.
ამასთან, რაც შეეხება ტვირთების მოზიდვის საკითხს, ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საკონტეინერო ტვირთებთან დაკავშირებით დაახლოებით იგივე ვითარება იქნება და განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
„რაც შეეხება ნაყარ ტვირთს, გვაქვს მოლოდინი, რომ დასაწყისშივე გვექნება სამი ტიპის ტვირთი: ჯართი (მთელი რეგიონიდან), სასუქი და ასევე, ველოდებით მარცვლეულს, ძირითადად აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ტვირთზე. ნავსადგურში ოპერირებს ასევე Pace ჯგუფი, სადაც მუშავდება ნაყარი ტვირთები, ნახშირი, სასუქი და ა.შ, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ტვირთზე, რომლებიც დღეს ჩვენს კორიდორში არ მოძრაობს“, – აცხადებს კელდ (მოსგაარდ) ქრისტენსენი.