ფოთის ნავსადგურში ავტომტვირთველის მომსახურების გადასახადი დროებით უქმდება
ფოთის საზღვაო ნავსადგურში ავტომტვირთველის მომსახურების გადასახადი დროებით უქმდება. კომპანიის ცნობით, ამის მიზანი ავტომობილების იმპორტის ბიზნესის და მომხმარებლის ხელშეწყობაა.
,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ხელმძღვანელობა თხოვნით მიმართავს მომხმარებლებს, მსუბუქი ავტომანქანების გასაყვანად კომპანიას კონტეინერის გახსნის მომდევნო დღეს დაუკავშირდნენ.
„აღნიშნული ცვლილების მიზანია მანქანის ავტოსადგომიდან გაყვანის პროცესის დაჩქარება და მომხმარებლის ლოდინის მინიმუმამდე დაყვანა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი პარკინგის მოცულობა 200 ადგილით გაიზარდა და ნაცვლად არსებული 630 ადგილისა, 830 ადგილიანია. ყოველივე ეს გვაძლევს დამატებით შესაძლებლობას მოვემსახუროთ უფრო მეტ მომხმარებელს, განვახორციელოთ მეტი კონტეინერის გახსნა და მეტი მანქანის განთავსება ავტოსადგომზე“, – აცხადებენ კომპანიაში და იმედს გამოთქვამენ, რომ აღნიშნული პოზიტიურ გავლენას მოახდენს მომხმარებლებზე და ხელს შეუწყობს მანქანის გაყვანის პროცესის დაჩქარებას.
ფოთის საზღვაო ნავსადგურში ავტომტვირთველის მომსახურების გადასახადი 31 ივლისის ჩათვლით გაუქმებულია.