ფორმულა ერთი - საუკეთესო დრო ისევ „ფერარის“ ჰქონდა
ფორმულა ერთი - საუკეთესო დრო ისევ „ფერარის“ ჰქონდა

ბარსელონას ტრასაზე წინასასეზონო ტესტების ფინალური სერია დასრულდა. ტესტების ბოლო, მეოთხე დღეს, “ფერარის” ფინელმა პილოტმა კიმი რაიკონენმა Hypersoft-ის საბურავებით საუკეთესო წრე წუთსა და 17.221 წამში გაიარა და ეს დრო ვერავინ გააუმჯობესა. თუმცა, რაიკონენის ეს შედეგი ჩამორჩება წინა დღეს, მისი თანაგუნდელის სებასტიან ფეტელის მიერ ნაჩვენებ დროს, რომელიც ბარსელონას ტრასის ახალი არაოფიციალური რეკორდია – 1.17,182.

აღსანიშნავია, რომ წინასასეზონო ტესტების მეორე სერიის ოთხი დღიდან სამჯერ საუკეთესო დრო “ფერარიმ” აჩვენა.

კიდევ ერთი პილოტი, რომელიც წუთიდან და 18 წამიდან გამოვიდა, “მაკლარენის” პილოტი ფერნანდო ალონსო იყო – მან ასევე Hypersoft-ით წუთი და 17.784 წამი აჩვენა. ესპანელმა მეორე ადგილი დაიკავა. მესამე იყო მისი თანამემამულე, “რენოს” პილოტი კარლოს საინსი – 1.18,092.

ფორმულა ერთის მოქმედი ჩემპიონი “მერსედესი”, როგორც ჩანს, ისევ არ მუშაობდა კვალიფიკაციის რეჟიმში, რადგან ვალტერი ბოტასი მეექვსე ადგილზე გავიდა, ლუის ჰემილტონი კი ათეულშიც ვერ მოხვდა (მე-11 ადგილი).

ამით 2018 წლის სეზონისთვის მზადება დასრულებულია. ორ კვირაში, 25 მარტს მელბურნში ფორმულა ერთის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ეტაპი – ავსტრალიის გრან პრი გაიმართება.