ფორმულა 1 I „ფერარიში“ განახლებებით კმაყოფილები არიან - ნაბიჯი წინ, სწორი მიმართულებით გადავდგით #1TVSPORT
ფორმულა 1 I „ფერარიში“ განახლებებით კმაყოფილები არიან - ნაბიჯი წინ, სწორი მიმართულებით გადავდგით #1TVSPORT

მოახლოებული ავსტრიის გრანპრის წინ იტალიური გუნდის, „ფერარის“ პილოტები ესპანელი კარლოს საინსი და მონეგასკი შარლ ლეკლერი გუნდის მუშაობით კმაყოფილები არიან და ფიქრობენ, რომ „რედ ბულ რინგზე“ ჩასატარებელ რბოლაში „წითლები“ კონკურენტუნარიანები იქნებიან.

„ფერარიმ“ ბოლო განახლებები თავის ბოლიდზე კანადის გასული გრანპრის დროს გამოსცადა. მექანიკოსთა შრომამ შედეგი გამოიღო და კანადაში ლეკლერი მეოთხე ადგილზე გავიდა, ხოლო საინსი – მეხუთეზე. მიუხედავად ამ წარმატებისა, იტალიური გუნდის პილოტების აზრით, „რედ ბულთან“ ჩამორჩენა დიდია და მისი აღმოფხვრა მიმდინარე სეზონში რეალური არაა.

„ნაბიჯი წინ, სწორი მიმართულებით გადავდგით. კანადიდან მარანელოში დაბრუნების შემდეგ გუნდის წევრებმა ბევრი იმუშავეს და ამ რბოლისთვის სათანადოდ მოვემზადეთ. უდიდესმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და მსურს, მათ მივულოცო, რადგან განახლებები მუშაობს.

ვფიქრობ, ავსტრიის მოახლოებულ გრანპრიზე „ფერარი“ კონკურენტუნარიანი იქნება და კვლავ მოწინავე პოზიციებისთვის ვიბრძოლებთ. მიუხედავად ამისა, „რედ ბულთან“ ბრძოლა რთული იქნება და, პრაქტიკულად, შეუძლებელიც, რადგან ჩვენ შორის უდიდესი ნაპრალია, ისინი ძალიან წინ არიან თავიანთი მანქანის განვითარების კუთხით. ასე რომ, მხოლოდ ერთი განახლებით ჩამორჩენის შემცირება ვერ მოხერხდება“, – განაცხადა კარლოს საინსმა.

„დიახ, კანადის გრანპრი წარმატებული იყო, თუმცა ავსტრიაში უნდა დავამტკიცოთ, რომ უფრო სწრაფები და სტაბილურები გავხდით. ბოლიდზე ახალი ნაწილები გვაქვს, ბევრი ვიშრომეთ და ყველაფერი კვირას გამოჩნდება.

სეზონის პირველ ნახევარში სარბოლო ტემპი არ გვქონდა, საბურავები სწრაფად ცვდებოდა. ახლა კი სტაბილურ პირობებში შეგვეძლება დავინახოთ, რამდენად გამოსწორებულია ეს პრობლემა. ჩემი აზრით, „ფერარიმ“ სწორად იმუშავა და წინსვლა აუცილებლად იქნება“, – ამბობს შარლ ლეკლერი.

ამ მომენტისთვის „ფერარი“ კონსტრუქტორთა დავაში 122 ქულით მეოთხე ადგილზეა. გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი გუნდი ლიდერ „რედ ბულს“ 199 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან „მერსედესთან“ – 45 ქულა, ხოლო მესამეზე მყოფ „ასტონ მარტინთან“ 32 ქულა აშორებს.

ავსტრიის გრანპრის უქმეები დღეს, 30 ივნისს დაიწყო. შაბათი დღე მთლიანად სპრინტულ რბოლას დაეთმობა, ხოლო უქმეების მთავარი ღონისძიება, რბოლა კვირას, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.