ფორმულა 1 | „ფერარიმ“ ავსტრალიის გრანპრი დუბლით დაასრულა #1TVSPORT
ფორმულა 1 | „ფერარიმ“ ავსტრალიის გრანპრი დუბლით დაასრულა #1TVSPORT

მელბურნში, ალბერტ პარკზე ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონის რიგით მესამე რბოლა „ფერარის“ დუბლით დასრულდა. რბოლის გამარჯვებული იტალიური გუნდის ესპანელი პილოტი კარლოს საინსი გახდა, ხოლო მეორე ადგილზე მონეგასკი შარლ ლეკლერი გავიდა.

რბოლას პირველი ადგილიდან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე სეზონის ლიდერი, ნიდერლანდელი მაქს ფერსტაპენი იწყებდა, მეორე პოზიციაზე საინსი იდგა, ხოლო მესამეზე – „მაკლარენის“ პილოტი ლანდო ნორისი.

ფერსტაპენმა სტარტი მოიგო და რბოლას სათავეშიც ჩაუდგა, თუმცა მესამე წრეზე მას მუხრუჭებთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა და ასპარეზობის გაგრძელება ვეღარ მოახერხა, რითიც საინსმა ისარგებლა და ლიდერი გახდა.

მოპოვებული უპირატესობა „ფერარის“ ესპანელ პილოტს რბოლის ბოლომდე აღარ დაუთმია, ხოლო პიტსტოპების შემდეგ მის უკან ლეკლერი აღმოჩნდა, რომელსაც „მაკლარენის“ წარმომადგენლებმა ვერ გადაასწრეს. პოდიუმზე მესამე ადგილი ლანდო ნორისმა („მაკლარენი“) დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო პირველი რბოლა 2023 წლის სინგაპურის შემდეგ, რომელიც „რედ ბულის“ პილოტმა ვერ მოიგო. მაშინაც გამარჯვებული სწორედ კარლოს საინსი გახდა. „ფერარიმ“ კი ისტორიაში 86-ე დუბლი შეასრულა.

ავსტრალიის გრანპრის შემდეგ ფორმულა 1-ის 2024 წლის სეზონს მაქს ფერსტაპენი („რედ ბული“) 51 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე 47 ქულით შარლ ლეკლერია „ფერარიდან“, მესამე პოზიციას ასევე „რედ ბულის“ წარმომადგენელი სერხიო პერესი იკავებს (46 ქულა), ხოლო კარლოს საინსი 40 ქულით მეოთხეა.

ფორმულა 1-ში მორიგი გრანპრი 7 აპრილს იაპონიაში გაიმართება.