ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს რაგბის კავშირს სამი ახალი სარაგბო კომპლექსი გადასცა
ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს რაგბის კავშირს სამი ახალი, ულტრათანამედროვე სარაგბო კომპლექსი გადასცა.
როგორც სპორტის სამინისტროში აცხადებენ, ახალი სარაგბო კომპლექსების ინვესტიციის ჯამური მოცულობა 18 800 000 ლარზე მეტია.
„ქართულ სარაგბო ინფრასტრუქტურას უკვე შეემატა ორი ახალი ბაზა თბილისში, ერთი კი თელავში. ყველა კომპლექსს აქვს ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები. თბილისში ტრიბუნები 2344 მაყურებელზეა გათვლილი, თელავის კომპლექსის ტრიბუნები კი 2244 მაყურებელს იტევს.
სარაგბო კომპლექსებში ასევე გათვალისწინებულია: ყინულის და საცურაო აუზები, ძალოსნობისდარბაზები, ღია სარეკრეაციო ზონები, ვიდეო-ანალიზის ოთახი, საკომენტატორო ოთახები, საკონფერენციო სივრცეები, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ფონდ „ქართუს“ მიერ შექმნილმა ინფრასტრუქტურამ გახადა შესაძლებელი, 2017 წელს საქართველოს მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემასპინძლა”, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, რაგბის მხარდაჭერის უპრეცენდენტო პროგრამა ფონდმა „ქართუმ“ ათი წლის წინ დაიწყო და ფონდის ჯამურმა წვლილმა ქართული რაგბის განვითარებაში თითქმის 200 მილიონი ლარი შეადგინა. კომპლექსური მიდგომით, ამ პერიოდის განმავლობაში, ფონდმა ერთი მხრივ, ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს, მეორე მხრივ, კი მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითარა სარაგბო ინფრასტრუქტურა. წლების განმავლობაში აშენდა, აღიჭურვა და ქართველ მორაგბეებს გადაეცა 15 სარაგბო ბაზა. (მათ შორის თბილისის ცნობილი სტადიონები: შევარდენი, ავჭალა, ლელოარენა, დიღმის ლოკომოტივი, ნუცუბიძის კომპლექსი) რაგბის ცენტრები დედაქალაქის გარდა გაჩნდა: ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, გორში, მარტყოფსა და ასპინძაში.
სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში სწორედ საქართველოს აქვს ყველაზე განვითარებული სარაგბო ინფრასტრუქტურა. ეროვნული ნაკრები კი, მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, „ქართუს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული მასშტაბური ქველმოქმედება საერთაშორისო ორგანიზაცია “მსოფლიო რაგბიმ” უპრეცენდენტო მოვლენად აღიარა და რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მას პრიზიც კი გადასცა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე დაესწრნენ.