ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს - პოლიტიკური სპეკულაციები საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას ხელს ვერ შეუშლის
ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს - პოლიტიკური სპეკულაციები საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას ხელს ვერ შეუშლის

ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს.

„საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ეხმაურება რამდენიმე მედიასაშუალების მხრიდან ხელოვნურად წარმოქმნილ აჟიოტაჟს თბილისის ყოფილ იპოდრომთან დაკავშირებით, რომლის მიზანი, ჩვენი აზრით, ფონდის და მისი დამფუძნებლის მიმართ არაჯანსაღი საზოგადოებრივი განწყობების შექმნაა.

მოგეხსენებათ, ფონდი „ქართუ“, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და შემომწირველი ბიძინა ივანიშვილის ოჯახია, 20 წელზე მეტია საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ფუნქციონირებს.

ამ დროის მანძილზე, ფონდის ხელშეწყობით ასეულობით საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა და პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფების გარდა, მის საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები არავის გასჩენია.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფონდის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ეს ფაქტი, მსოფლიო ბანკის მიერ „დიდ ოთხეულადრანჟირებული, უმაღლესი საერთაშორისო სანდოობის აუდიტორული კომპანიების ყოველწლიური ანგარიშებით არის დადასტურებული.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე აჟიოტაჟის ინიციატორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები თავადვე აცხადებენ, რომ მათ მიერ ინიცირებულ, უსაფუძვლო კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება ფონდს არ გააჩნია, თუკი ვინმეს დარჩა დამატებითი კითხვები ფონდში აკუმულირებული თანხების წარმომავლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს.

დასასრულს, ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ ვერანაირი აჟიოტაჟი და პოლიტიკური სპეკულაციები ვერ შეუშლის ხელს ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მხარდასაჭერად ფონდის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.